ჩაფლავდა პროექტი სახელად „ფორმები“. დამარცხდით იმ ასობით ბავშვთან და მშობელთან, ვისაც არ ჰკითხეთ, ვისაც არ მოუსმინეთ, ვისი საჭიროებებიც არ გაითვალისწინეთ. უამრავი მშობელი არ ჩააცმევს და თქვენ, ვერაფერსაც იზამთ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი, ქეთევან თურაზაშვილი საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით აცხადებს.
როგორც თურაზაშვილის აღნიშნავს, გასაკვირი არ არის, რომ მშობელთა დიდ ნაწილს „უხარისხო ფორმები არ უნდოდეს“.
„ბატონო განათლების მინისტრო, „არ მინდა და არ ჩავაცმევ“- ზე არ არის! ჯიბრიან რიტორიკაზეა, სიტყვათა წყობაზე, რომელიც თქვენ აირჩიეთ ბავშვებთან და მათ მშობლებთან სასაუბროდ.
ერთხელ მაინც მოგივიდათ თავში აზრად, მშობლებთან კონსულტაცია და მათი დამოკიდებულების მოსმენა? ერთხელ მაინც, იფიქრეთ რომ მშობელი აგებს პასუხს შვილის ფიზიკურ, თუ მენტალურ ჯანმრთელობაზე და დიახ, ყველა მშობელი ვალდებულია და ეცდება დაიცვას შვილი მავნე ზემოქმედებისგან. არ არის გასაკვირი, რომ მშობლების უდიდეს ნაწილს არ უნდოდეს უხარისხო ფორმები. მშობელი უნდა იღებდეს მონაწილეობას სკოლის ცხოვრებაში, რადგან სკოლის ცხოვრება, მისი შვილის ცხოვრებაა, სანამ სკოლაშია“, - აცხადებს თურაზაშვილი.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების მინისტრს კონსულტაცია უნდა გაევლო მშობელთა საბჭოში, რომელიც მისივე თქმით, არ არსებობს. თურაზაშვილის თქმით, სკოლას ბევრი პრობლემა გააჩნია.
„სკოლებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა დგას, დანგრეული და დაკეტილი ასობით სკოლა, კილომეტრების დაშორებით სხვა უბანში და სოფელში მოსიარულე მოსწავლეები, შემცირებული გაკვეთილები... მოუწესრიგებელი საპირფარეშოები. კვების არარსებობა სკოლებში.. ამაზე ბევრჯერ მითქვამს და ახლა აღარ შევჩერდები...
მასწავლებლების მიერ ვერ ჩაბარებული გამოცდებიც ნათლად აჩვენებს, რა დღეშია დღეს სკოლა... ფორმებს რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს, ამას დღეს მნიშვნელობა არ აქვს, იცით, რატომ? ჯერ სკოლები უნდა დაუბრუნოთ ბავშვებს, საკუთარ უბნებში და საკუთარ სოფლებში(მე არ მეხება, ინფრასტრუქტურას ეხება, არ გაგივათ. სანამ მათ გადაეცემოდათ მშენებლობის საკითხი, მანამდე ყველა დანგრეული, დაკეტილი და ვერ გახსნილი სკოლა, განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობაა).
თუ ჯერ ვერ მიხვდით, მე გეტყვით, რომ ჩაფლავდა პროექტი სახელად „ფორმები“. დამარცხდით იმ ასობით ბავშვთან და მშობელთან, ვისაც არ ჰკითხეთ, ვისაც არ მოუსმინეთ, ვისი საჭიროებებიც არ გაითვალისწინეთ. უამრავი მშობელი არ ჩააცმევს და თქვენ, ვერაფერსაც იზამთ.
მჯერა მშობლების პრინციპულობის, სოლიდარულობის, ზრუნვის ხარისხის... არ მგონია გაპატიონ მათი უგულებელყოფა და მე თუ მკითხავთ, არც არის საპატიებელი“, - აცხადებს თურაზაშვილი.