ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა.
უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში კითხვაზე, ხედავს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრად, ფინეთის პრეზიდენტმა უპასუხა: „დიახ, ვხედავ. აბსოლუტურად“.
ამასთან, მისი თქმით, საჭიროა მოთმინება, რადგან ევროკავშირი „ყოველთვის ნელა მუშაობს“.
„ეს ყოველთვის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ახლა შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი კლასტერია ღია და რომელი არა. თუმცა, საბოლოო ჯამში, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება და ეს, ჩემი აზრით, ამ ომის საუკეთესო შედეგი იქნება“,- აღნიშნა სტუბმა.
ამასთან, მისი თქმით, შესაძლებლობების ფანჯარა ახლა გაიხსნა.
„ასევე დავამატებ, რომ თქვენი გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყებოდა, ომის გარეშე და არა მგონია, ვინმეს სერიოზულად განეხილა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ომის გარეშე. ასე რომ, შესაძლებლობების ფანჯარა ახლა არსებობს“, - აღნიშნა სტუბმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ადვილი არ იქნება.
„მოთმინება გამოიჩინეთ. ევროკავშირი უტოპია არ არის. ის სრულყოფილი არ არის. როდესაც ევროკავშირს შეუერთდებით, გახსოვდეთ: ეს ამბის დასასრული არ არის. ცხოვრება მხოლოდ მწვანე მინდვრები, ყვავილები, მშვიდობის ნიშნები და ცისარტყელები არ იქნება. ევროპა მკაცრი კლუბია“, - აღნიშნა სტუბმა.