საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ელექტრიფაი საქართველოს“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლების დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მოვაჭრემ მომხმარებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება არ გაუწია. კერძოდ, ელექტრომობილის დამუხტვის პროცესში წარმოშობილი სისტემური ხარვეზის გამო, დამტენმა სადგურმა არ შეწყვიტა ენერგიის მიწოდება, მიუხედავად ავტომობილის მხრიდან ნულოვანი მოთხოვნისა, რის შედეგადაც მომხმარებლის ავტომობილი დაზიანდა.
„მიუხედავად ამისა, მოვაჭრემ მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა და, საკუთარი კომპანიის შიდა წესებზე დაყრდნობით, პასუხისმგებლობა მოიხსნა. საქმის წარმოების პროცესში მოვაჭრემ ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ გააქარწყლა მომსახურების არაჯეროვანი შესრულების ვარაუდი.
გარდა ამისა, დარღვევა გამოიკვეთა კომპანიის სავაჭრო პოლიტიკასა და სტანდარტულ პირობებში. სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის „გენერალური წესები და პირობები“ შეიცავდა უსამართლო დებულებებს, რომლებიც კომპანიას ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების პასუხისმგებლობისგან უსაფუძვლოდ ათავისუფლებდა.
დამატებით, დადასტურდა მოვაჭრის მხრიდან შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტიც. კერძოდ, კომპანიის პირობები მომხმარებელს უქმნიდა მცდარ წარმოდგენას, თითქოს ნებისმიერი ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში, მისი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, მას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა. სააგენტოს შეფასებით, მსგავსი პრაქტიკა მომხმარებელს კანონიერი უფლებების რეალიზების შესაძლებლობას უზღუდავდა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, შპს „ელექტრიფაი საქართველოს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლებები, რაც დაზიანებული დეტალების თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს, შეწყვიტოს უსამართლო კომერციული საქმიანობა და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.
კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2%-ის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.