„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ივანიშვილის დავალებით და კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებებით, ევროინტეგრაცია გააჩერა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან, ასევე, ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის საქართველო არ დაასახელა.
თამარ კეკენაძის შეფასებით, სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში იქნება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი არ აქვს.
„ძალიან გამიკვირდებოდა ამ დოკუმენტში საქართველო რომ მენახა. სამწუხაროდ, ბოლო 2 წელი ამ რეალობაში ვცხოვრობთ. „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს ევროინტეგრაცია 2 წლის წინ გააჩერა. მათ ძალიან მკაფიოს თქვეს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არის გაჩერებული. შესაბამისად, ძალიან სასაცილოა ახლა ის პრეტენზიები და ვითომ წუხილი, თუ რატომ არ ვესწრებით გაფართოების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებს და ა.შ. გუშინ მარტა კოსმა წარადგინა ინიციატივა, რომ ხელი შეუწყოს იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი და მისწრაფება, გახდნენ ევროკავშირის წევრები, ასევე, მოემზადონ გაფართოების შემდეგი ტალღისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში და ჩვენი მომავალი არის ევროპა. თაობების მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის,რომ ამ მომავლისთვის მიგვეღწია, მაგრამ საქართველოში 2 წლის წინ, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ივანიშვილის დავალებით და კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებებით, ეს ინტეგრაცია გააჩერა. შესაბამისად, სანამ „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში იქნება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მომავალი არ აქვს. თუ გვინდა, მივცეთ საქართველოს შანსი, რომ ევროპული მომავალი ჰქონდეს, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ რეჟიმი ყველამ ერთად შევცვალოთ“, - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ოქტომბერში ევროპელი ლიდერები ევროპულ საბჭოში გაფართოების საკითხზე სასაუბროდ შეიკრიბებიან. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, სექტემბერში, ევროპელი ლიდერების დისკუსიის მოსამზადებლად, კომისია წარადგენს იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნები გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულების ხაზს უახლოვდებიან.
კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად უმაღლეს დონეზე კონსენსუსის მისაღწევად ოთხი საკითხის განხილვა უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ წევრებს და სადაც ეს გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად. მეორე, უნდა განვიხილოთ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა უფრო დიდი კავშირისთვის, რათა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და იყოს მოქნილი კრიზისების გათვალისწინებით სწრაფად ადაპტირებისთვის. მესამე, ყველა ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ევროპა - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ეს იწყება კანონის უზენაესობით. ჩვენ გვჭირდება დადასტურებული გამოცდილება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ. მეოთხე, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ისინი მოთმინებით არ ელოდებიან კანდიდატი ქვეყნების ოცწლიანი გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ისინი ინვესტიციებს დებენ. ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას. ქმნიან დამოკიდებულებას. იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის თავიდან აცილება. ეს სარგებელი უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე. რომლებიც ემსახურება როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ წევრებს. თუმცა, პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი მოდის ვალდებულებებისა და რეფორმების შესაბამისად“, - აღნიშნა კოსმა.
მისი თქმით, 2026 წელი ევროკავშირის გაფართოების პროგრესის თვალსაზრისით რეკორდული იქნება.
“მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს. ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო. უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში. მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ის უკვე ერთიანი ბაზრის ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკებები ერთ-ორ წელიწადში შეიძლება დაასრულოს. ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს. და მათ შეუძლიათ, თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება“, - აღნიშნა კოსმა.