განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურამ ცრუ ბრალი წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარეს წარმოდგენილი ჰყავს მოწმე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის შესახებ წარმოადგენს ინფორმაციას. ადვოკატის თქმით, აღნიშნული პირი არის გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის წევრი, რომელიც დაცვის მხარემ გამოძიების ეტაპზე გამოჰკითხა, შესაბამისად მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათთვის ცნობილია.
ამასთან, ადვოკატ ლანა ცერცვაძის თქმით, ასევე დღევანდელ პროცესზე დამატებითი მტკიცებულებების დართვის თაობაზე დააყენებენ შუამდგომლობას, რითაც სასამართლოს განჩინებით საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მოწოდებას მოითხოვენ.
„ეს არის მნიშვნელოვანი წერილობითი მტკიცებულება, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხთან, რომ მოწმე (რომეო მიქაუტაძე) თურმე ბიზნეს სექტორიდან თავადვე იღებდა ქრთამს“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მსჯავრდებულ რომეო მიქაუტაძის განცხადებას, რომ მან სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს ბიზნესმენებისგან აღებული თანხა მისსავე კაბინეტში გადასცა „დაახლოებით 15 კილოიანი ხელჩანთით", ლილუაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ეს სიცრუეა.
„გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში რომ ადამიანი მისულიყო და საუბარია სუს-ზე, მას უნდა გაევლო გზები. გაიარა თუ არა აღნიშნულმა პირმა ეს გზა და მოხვდა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის კაბინეტში, რომ აღარაფერი ვთქვათ დაახლოებით 15 კილოიან ხელბარგზე, სწორედ ამის გამორკვევას შეეცდება დაცვის მხარე. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი თუნდაც ეჭვის დონეზე გაჟღერებული ინფორმაციის საპირწონე ოპონირებაში დავდგეთ და შეჯიბრებითობის პრინცის დაცვით მოვახდინოთ იმ მტკიცებულებათა დემონსტრირება, ეს იქნება მოწმეთა ჩვენებები, თუ სხვა წერილობითი მტკიცებულებები, რითაც საბოლოო ჯამში, ნამდვილად დავადასტურებთ, რომ აბსურდული და ცრუ ბრალი აქვს ბრალდების მხარეს წარდგენილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის.
[რაც შეეხება რომეო მიქაუტაძეს] საერთოდ რომ მისულიყო სუს-ში, მინიმუმ, ვიდეო-ჩანაწერი მაინც იარსებებდა. აღნიშნული მოწმის მხრიდან ელემენტარული მიწერის დონეზე, რომ „მოვედი“, სატელეფონო ჩანაწერიც კი არ არსებობს. [სუს-ის] მისამართზე,ზოგადად, ბატონი მოწმე საერთოდ არ არის ნამყოფი. მით უფრო, როცა ვსაუბრობთ დაახლოებით 15 კილოიან ჩემოდანზე თუ ხელბარგზე, სუს-ში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაცული შენობაა ქვეყანაში, ვინმე შემოწმების გარეშე შევიდეს, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.