დაცვის მხარემ სასამართლოში მოიყვანა გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც ვერ გაიხსენა, ჰყავდა თუ არა ნანახი რომეო მიქაუტაძე. ბუნებრივია, ბრალდებული არ გააკეთებდა არაფერს იმ ფორმით, რომ დაცვის თანამშრომლებისათვის ცხადი და ცნობილი ყოფილიყო, ვისთან რა სახის კორუფციულ გარიგებაში შედიოდა, - ამის შესახებ სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პროკურორმა განმარტა, საქმეში მტკიცებულების სახით დევს ერთ-ერთი დაცვის თანამშრომლის ჩვენება, რომელსაც მიქაუტაძე სუს-ის შენობაში ნანახი ჰყავს და ასევე მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი შესაბამისი ჩანაწერები, სადაც ლილუაშვილი და მიქაუტაძე ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ლოკაციაზე, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში არიან დაფიქსირებული.
„დღეს დაცვის მხარემ სასამართლოში მოიყვანა დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც იმ დროისთვის იცავდა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს. ბუნებრივია, ამ მოწმეს დავუსვით კითხვები დაცვის მხარის სტრატეგიიდან გამომდინარე. ამ მოწმის მოყვანის არსი ის იყო, რომ მას სასამართლოს წინაშე ეთქვა, რომ გამორიცხავს რაიმე სახის შემხებლობასა და კორუფციულ გარიგებას გრიგოლ ლილუაშვილსა და რომეო მიქაუტაძეს შორის.
ბუნებრივია, დაცვის თანამშრომელი ამაზე ვერ ისაუბრებდა. ბუნებრივია, გრიგოლ ლილუაშვილი არ გააკეთებდა არაფერს იმ ფორმით, რომ დაცვის თანამშრომლებისათვის ცხადი და ცნობილი ყოფილიყო, ვისთან რა სახის კორუფციულ გარიგებაში შედიოდა.
ასევე, დაცვის მხარემ დაუსვა მოწმეს კითხვები, ჰყავდა თუ არა რომეო მიქაუტაძე ნანახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. მოწმემ ზოგადად ისაუბრა მისი მორიგეობისა და გრაფიკის შესახებ და ბრძანა, რომ როდესაც ის მორიგე იყო, ვერ გაიხსენა, რომ რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნანახი ჰყავდა, თუმცა მე მას დავუსვი კითხვა, სხვა მინისტრის მოადგილე, რომელიმე თუ შეეძლო გაეხსენებინა და მან ვერავინ დაასახელა, რაც ბუნებრივია იმიტომ, რომ ეს ადამიანი გრიგოლ ლილუაშვილს ექვსი წლის განმავლობაში იცავდა და ყველა ვიზიტორი და ყველა ის პირი, ვინც ეყოლებოდა ნანახი გრიგოლ ლილუაშვილთან, მოწმეს ვერ ემახსოვრებოდა. შესაბამისად, მსგავსი მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაციით რატომ ცდილობს დაცვის მხარე, განმარტოს ისე, თითქოს ეს მოცემულობა ადასტურებს იმას, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია, ჩემთვის ბუნდოვანია.
ბრალდების მხარეს ჰქონდა სხვა კითხვები. მოგეხსენებათ, ანდრია ლილუაშვილი ფიგურირებს ამ საქმეში და მე ვკითხე მოწმეს, ანდრია ლილუაშვილი თუ ჰყავდა ნანახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მოწმემ კი დაადასტურა, რომ ანდრია ლილუაშვილი ნანახი ჰყავს ამ შენობაში [მოგეხსენებათ, ლილაშვილები მათ ახლო ურთიერთობას თავიდან საერთოდ უარყოფდნენ და საერთოდ გამორიცხავდნენ]. მანვე დაადასტურა, რომ ვიპ-ზონიდან ანუ იქიდან, საიდანაც შემოწმების გარეშე ხდებოდა ვიზიტორების შემოსვლა, ამ ფორმითაც ჰყავთ ანდრია ლილუაშვილი აყვანილი გრიგოლ ლილუაშვილთან და ასევე დაადასტურა, რომ სხვა, პირადი ხასიათის შეკრებები როდესაც ჰქონდა სანათესავოს, იქაც ნანახი ჰყავს ანდრია ლილუაშვილი.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მოწმემ რაზედაც ისაუბრა, მხოლოდ და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პირები, რომლებიც გრიგოლ ლილუაშვილთან მიდიოდნენ გრიგოლ ლილუაშვილის ნების შესაბამისად, შესაძლოა, ასულიყვნენ ე.წ. ვიპ-ზონიდან, სადაც არ ხდებოდა საშვის აღება, ჩხრეკა და შესაძლოა, ასულიყვნენ პირდაპირ, ეს კი სრულად იყო დამოკიდებული გრიგოლ ლილუაშვილზე.
რაც შეეხება იმას, რომეო მიქაუტაძე ნამყოფია თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ჩვენ დავკითხეთ დაცვის წევრი, რომელმაც დაადასტურა, რომ რომეო მიქაუტაძე იმავე სართულზე ნამდვილად ნანახი ჰყავს. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს გამოთხოვილი აქვს მობილური ოპერატორებიდან შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილისა და რომეო მიქაუტაძის ერთსა და იმავე ლოკაციაზე, ერთსა და იმავე პერიოდში ყოფნას და ეს ლოკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაა“, - განაცხადა პროკურორმა.