აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მას თურქეთში მკურნალობის ხარჯების დასაფარად ქონების გასხვისება და სესხების აღება მოუხდა.
რიჟვაძემ ქონებრივი დეკლარაცია, რომელშიც მათ შორის ასახულია თურქეთში კლინიკებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯი, მიმდინარე წლის ივნისში წარადგინა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თორნიკე რიჟვაძემ გასულ წელს 105 000-დოლარიანი საბანკო სესხის მომსახურებისთვის 19 510 დოლარი გადაიხადა. ასევე აიღო და იმავე წელს დაფარა 9000-დოლარიანი სესხი.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების საჭიროებისთვის აღებულ სესხებს, დოკუმენტის თანახმად, რიჟვაძეს გასულ წელს აღებული და დაფარული აქვს:
40 000-ლარიანი სესხი - დაფარა ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლიდან;
22 000-დოლარიანი სესხი - დაფარულია უძრავი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით;
45 000-დოლარიანი სესხი - დაიფარა ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით;
45 000-დოლარიანი სესხი - დაიფარა ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლით.
ამასთან, 30 000-დოლარიანი სესხი აღებული აქვს შვილის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისთვის, თუმცა ის ჯერ დაფარული არ აქვს.
ასევე, თორნიკე რიჟვაძის სამედიცინო მომსახურებისთვის მის დედას 17 500-დოლარიანი სესხი აქვს აღებული.
დეკლარაციის მიხედვით, თორნიკე რიჟვაძის ქირურგიულმა ხარჯმა 20 188 დოლარი შეადგინა, სხვა სამედიცინო ხარჯმა - 3 373 ლარი და 25 591 ლირა. ოფთალმოლოგის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 19 790 თურქული ლირა, ხოლო რადიოლოგის მომსახურებისთვის 26 392 ლირა.
ამასთან, მეუღლის ონკოლოგიური მკურნალობის ხარჯმა 11 700 აშშ დოლარი შეადგინა, მამის სამედიცინო ხარჯმა - 1 882 დოლარი.
დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს უძრავი ქონების გასხვისებიდან თორნიკე რიჟვაძემ შემოსავლის სახით 130 000 დოლარი მიიღო, კომერციული ფართის იჯარიდან კი - 17 086 ლარი.
აჭარის ყოფილი თავმჯდომარის დედამ ქალიშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გასხვისებიდან 100 000 ლარი საჩუქრად მიიღო.
2025 წლის 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, საბოლოოდ კი მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.