თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაისინჯება ახობაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.
“ბრალი აბსურდულია და ლევან ახობაძე არც ერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მტკიცებულებათა შინაარსთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ბევრი მტკიცებულება არსებობს, რაც მის უდანაშაულობას დაადასტურებს”, - განაცხადა ახობაძის ადვოკატმა დავით სიმონიამ სხდომის დაწყებამდე.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.