სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის სასამართლო სხდომა დაიხურა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით, პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რითაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
სახელმწიფო ბრალმდებლის, ანი ლეკიაშვილის განმარტებით, საქმე მაღალი თანამდებობის პირის ბრალდებას ეხება, დასაკითხი არიან მოწმეები, რომელთა პერსონალური მონაცემებიც დაცული უნდა იყოს. შესაბამისად, პროკურორი პროცესის დახურვას შუამდგომლობდა.
დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ადვოკატები პროცესის საჯაროდ განხილვის შესაძლებლობის დატოვებას შუამდგომლობდნენ.
რაც შეეხება ლევან ახობაძეს, მან სხდომის დახურვამდე, მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, ეთანხმებოდა თუ არა მისი ადვოკატების შუამდგომლობას, მხოლოდ აღნიშნული განცხადება გააკეთა - “დიახ”. მან, ასევე, დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ახლობელს ბრალდებულის სკამიდან უთხრა, რომ ციხის გარეშე ერთადერთი იყო დარჩენილი, რაზეც მოსამართლემ ახობაძეს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ მსგავსი გადაძახილები აკრძალულია.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ახობაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან გადაისინჯება ახობაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.