„ანტიანექსიური პლატფორმა“ ყველასთვის ღიაა, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია - იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელიც გაერთიანდება ჩვენს პლატფორმაში, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მოქალაქეთა გაერთიანების „ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამავე პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ ზედმეტად დაბალანსებულმა პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო, რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის იყო და იქნება აგრესიულ პრინციპებზე დაფუძნებული. ამასთან, როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, დაბალანსების პოლიტიკა გულისხმობს ურთიერთობების შენარჩუნებას, როგორც ჩრდილოეთთან ასევე დასავლეთთან, თუმცა დღეს საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაკეტილია.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ განსხვავებული წარსულის და გამოცდილების ადამიანები. ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საქართველოს ისტორიაში, ზოგადად, ყოველთვის იყო პერიოდი, როდესაც საერთო მტრის წინააღმდეგ ქართველებს გვიწევდა გაერთიანება და იქნება ამ შემთხვევაშიც შევძლოთ და საქართველოს სრული საზოგადოება გავერთიანდეთ ყველაზე დიდი პრობლემის წინაშე, რასაც რუსული ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ჰქვია.
ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, გაერთიანდნენ ჩვენი ძალისხმევის გარშემო და ხმა ამოვიღოთ იმ დიდი პრობლემის წინაშე, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ჰქვია. ჩვენი პლატფორმა არის აპოლიტიკური პლატფორმა, ამიტომ ჩვენ მზადა ვართ აბსოლუტურად საზოგადოების ყველა წევრი, კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა, გაერთიანდეს ჩვენთან ერთად და ამით გამოხატოს თავისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ყველასთვის ღიაა, ეს არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. ხელისუფლება რა ნაბიჯს გადადგამს, ეს მე არ ვიცი. თუმცა იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელიც გაერთიანდება ჩვენს პლატფორმაში.
ფაქტია, რომ ზედმეტად დაბალანსებულმა პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო. რუსეთის პოლიტიკა ყოველთვის იყო და იქნება აგრესიულ პრინციპებზე დაფუძნებული, მათი ისტორიული გამოცდილება ეს არის აგრესიული ექსპანსია. ისტორიას არ ახსოვს არცერთი შემთხვევა და მაგალითი იმისა, რომ რუსეთს თავისი ნებით ტერიტორიები დაებრუნებინოს ან, დავუშვათ, კეთილი ნებით გადაედგას ის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლითაც შეეძლო სიტუაციის გამოსწორება და დეესკალაციისკენ გადაედგას ის ნაბიჯები.
დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლებამ იმ პერიოდში, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და მე არ დავმალავ და დღესაც ვიტყვი, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ ეტაპზე იქნა გადადგმული, იყო პრაგმატული და რაციონალური, თუმცა ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. უკვე რამდენი წელი არის უკრაინაში ომი მიდის, რუსეთის მხრიდან ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა იმისკენ, რომ საქართველოსთან სიტუაცია დარეგულირებულიყო უკეთესობისკენ. ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ ოკუპაციას, ადმინისტრაციული ტერიტორიების შემოღობვას და უფრო მეტიც, ხშირად გვესმის მათი სოციალური ქსელებიდან იქნება თუ ოფიციალური პირებისგან აგრესიული რიტორიკა. ამიტომ სახელმწიფომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები ნორმალიზაციისკენ, მაგრამ რუსეთის მხრიდან შედეგები, ფაქტობრივად, არის ნულის ტოლფასი.
წინასწარ მათ ქმედებების განჭვრეტა მე არ შემიძლია, თუმცა თქვენ ახსენეთ აგვისტოს მოვლენები. მე მინდა გაგიმეოროთ და კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, ეს იყო მათი აგრესიული პოლიტიკის ნაწილი. საქართველოს ომმა, ევროპელების და პარტნიორების სუსტი საგარეო პოლიტიკის შედეგად, გამოიწვია უკვე ის ექო, რომელიც მივიღეთ უკრაინაში. რუსეთის გაუმაძღარი აგრესიული ექსპანსიის პოლიტიკა იყო და იქნება ყოველთვის. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება. ამიტომ ნებისმიერ მათ ქმედებას სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა.
დღეს ჩვენი შეკრების მიზანიც ზუსტად ის არის, რომ არა იარაღის ჟღარუნით ან ჯავშანტექნიკის გამოყენებით, არამედ სიტყვის და გამოხატვის საშუალებით შევძლოთ მათ აგრესიული პოლიტიკის შეფერხება და შეჩერება.
იმ პერიოდში, როდესაც მე ვიყავი პარლამენტში, აბსოლუტური მხარდაჭერა იყო იმ საგარეო პოლიტიკის და იმ გაცხადებული პოლიტიკის, რომელიც ეხებოდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს. მე პირადად, ყოველთვის მოვიხსენიებდი რუსეთს, როგორც ოკუპანტს და არამეგობრულ სახელმწიფოდ. ამიტომ თვითონ გუნდში თითოეულ პიროვნებას რა განწყობა ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ასე ინდივიდუალურად არ მიმსჯელია.
მაგრამ უკრაინის ომის შემდგომ გარკვეული ტრანსფორმაცია ვიხილეთ, თითქოს დაბალანსებული, თუმცა ეს დაბალანსება რაშიც გადაიზარდა, თქვენც ხედავთ. დაბალანსება გულისხმობს იმას, რომ თანაბრად კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნო როგორც დასავლეთთან, ისე ჩრდილოეთთან. მაგრამ დღეს დასავლეთის კარები, ფაქტობრივად, დაკეტილია, ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში გაურკვეველია, ამიტომ ძალიან რთულ ვითარებაშია დღეს ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.