პროცესი უნდა იყოს ღია, სადაც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი და არანაირი ზეწოლა ბატონ ღარიბაშვილზე არ უნდა იყოს, არც მის ოჯახზე. ეს საკითხი არის სრულიად პოლიტიკური და მოვუწოდებ ბატონ ღარიბაშვილს, რომ თუ აქვს რამე სათქმელი, ღიად უნდა ილაპარაკოს - ამის შესახებ მოქალაქეთა გაერთიანების „ანტიანექსიური პლატფორმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პაატა დავითაიამ ამავე პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი საქმე არის „სისტემის მანიშნებელი ნაწილი, თუ რეალურად რა ხდება სასამართლო სისტემაში.
„ეს პროცესი თავიდანვე სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული. ჩვენ ვხედავდით, რომ რაღაც გარიგებები ხდებოდა. რეალურად, ეს არის სისტემის მანიშნებელი ნაწილი, თუ რა ხდება სასამართლო სისტემაში და პრინციპში, ბატონმა ღარიბაშვილმა ეს დაადასტურა, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. აქედან გამომდინარე, ცალსახად ჩანს, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი და არ ჩანს კორუფციის მომენტები, მაგრამ პოლიტიკური საკითხი გადაბმულია კორუფციის საკითხების თემასთან, ძალიან სახიფათოა. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ღია, სადაც ნათლად გამოჩნდება ყველაფერი და არანაირი ზეწოლა ბატონ ღარიბაშვილზე არ უნდა იყოს, არც მის ოჯახზე. ეს საკითხი არის სრულიად პოლიტიკური და მე მოვუწოდებ ბატონ ღარიბაშვილს, რომ თუ მას აქვს რამე სათქმელი, ღიად უნდა ილაპარაკოს", - განაცხადა პაატა დავითაიამ.
გარდა ამისა, პაატა დავითაიამ ისაუბრა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, სადაც მან გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის საქართველო არ დაასახელა. დავითაიას აზრით, ეს „ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა.
„მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების” პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ არ შევასრულეთ არცერთი ევროკომისიის მოთხოვნა. პირიქით, გამოვუცხადეთ ბრძოლა ჩვენს პარტნიორებს, აქედან გამომდინარე, დადგა შესაბამისი შედეგი. შენ თუ მიდიხარ ოჯახში და არ იღებ იმ ოჯახის წესებს, იმ ოჯახში არავინ არ მიგიღებს. "ქართულ ოცნებას" ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, ამიტომ არ ასრულებს არანაირ რეკომენდაციას ჩვენი პარტნიორების. იმიტომ რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება და მათ შორის, ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რაც ავტორიტარულ მართვას შეუშლის ხელს. ამიტომაც ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს და ჩვენ ვიღებთ შედეგად იმას, რომ საქართველოს საერთაშორისო არენაზე არ აქვს მხარდაჭერა" - განაცხადა პაატა დავითაიამ.