ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ლევან ახობაძე დავადანაშაულოთ კორუფციულ დანაშაულში, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატმა დავით სიმონიამ განაცხადა.
ის კატეგორიულად გამორიცხავს ახობაძის მხრიდან ქრთამის აღებას და შესაბამისად, ამ საქმეში მისი ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ჩართულობასაც.
„ლევან ახობაძე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც ერთ კონკრეტულ მოქმედებას, რომელსაც პროკურატურა აჟღერებს, ადგილი არ ჰქონია. თუ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ლოგიკურად, ლილუაშვილის ჩართულობაც გამოირიცხება. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს.
სასამართლომ დაუშვა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის მოწმეები, ვინაობებს ვერ დავასახელებ, თუმცა, როგორც ბრალდებას, ისე დაცვას ჰყავს თავისი მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ ლევან ახობაძე კორუფციულ დანაშაულში იყო ჩართული. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ლევან ახობაძე დავადანაშაულოთ კორუფციულ დანაშაულში",- განაცხადა სიმონიამ.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.