ავტოკრატიის კარზე კლასიკური სცენარია, ავტოკრატიის პატარა ვირთხებს ერთმანეთს აჭმევინებს ივანიშვილი, ჩვეულებრივი კანიბალიზმია, - ასე შეაფასა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვება და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება.
როგორც თაზო დათუნაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პაიკი იყო.
დათუნაშვილის ვარაუდით, მალე შესაძლოა, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებმაც დატოვონ პოსტი.
„არ მგონია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილებს პირდაპირ უკავშირდებოდეს. მდინარაძის პოლიტიკური დეგრადაცია და პოლიტიკური დევოლუცია ბევრად უფრო დიდი ხანია გრძელდება, ვიდრე იმ წერილების ეპისტოლური ეპოპეა, რომელშიც ბატონი ღარიბაშვილია მთავარ როლში. ჯერ დააქვეითეს სუს-ის უფროსობიდან ძალოვანი მინისტრების კურატორობამდე, შემდეგ დააქვეითეს რეგიონული სამინისტროს მინისტრად. ეს ადგილიც ცალსახად დაწყევლილი გამოდგა. ბატონი ლილუაშვილის შემდეგ, უკვე მეორე პოლიტიკური ფიგურაა, ვინც შეეწირა. ამიტომ, ეს ბევრად უფრო გრძელვადიანი ამბავია. ავტოკრატიის კარზე კლასიკური სცენარია, ავტოკრატიის პატარა ვირთხებს ერთმანეთს აჭმევინებს ივანიშვილი, ჩვეულებრივი კანიბალიზმია. ვიცით, რომ მდინარაძე კობახიძის სხეულის ნაწილია პოლიტიკურად და არა ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტნიორი, არა უბრალოდ ერთ-ერთი მინისტრი მის კაბინეტში. ივანიშვილმა დღეს ოფიციალურად მოაჭრა სხეულის ერთ-ერთი ნაწილი ბატონ კობახიძეს. ეს ივანიშვილის ავტოკრატიის კლასიკურ სცენარში ჯდება, როდესაც ის თავის პოლიტიკურ პაიკებს ერთმანეთს აჭმევს, ამ პოლიტიკური კანიბალიზმით ტკბება და ასე კვებავს პოლიტიკურ ცხოვრებას მის კარზე“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს „ქართულ ოცნებაში“ ე.წ. კლანურ დაპირისპირებაზე მიუთითებს.
„ივანიშვილი ამ ადამიანებით თამაშობს. ისინი პოლიტიკური არარაობები არიან, საჯარო სივრცეში არ არსებობდნენ, ივანიშვილმა დასვა, ადამიანებად აქცია, პოლიტიკური წონა შესძინა და ახლა ამ ყველაფრით თამაშობს ისე, როგორც პატარა ბავშვი თამაშობს სათამაშოებით, მექანიკური მატარებლით და მის ვაგონებს, ზოგს გადააგდებს, ზოგს გადმოაგდებს. ეს მისთვის თამაშია, რაც კლასიკური ველური ავტოკრატიისთვის არის დამახასიათებელი. შემდეგი ცალსახად შეიძლება იყოსო კობახიძე ან ნებისმიერი ის პატარა ბიჭი, რომელიც თავის თავს მდინარაძის გუნდის წევრს ეძახდა. ბევრი ამოიცნობს თავის თავს, ვინც „მდინარაძის ბიჭები“ იყვნენ, მის გუნდში მოიაზრებდნენ თავის თავს, ახლა პარლამენტარები რომ არიან. ამ მომენტში ისინი ცახცახებენ, შეშინებულები არიან, არ იციან მათი ჯერი როდის მოვა, ეს არის რეალობა. მდინარაძე ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო უკანასკნელი 1 წლის მანძილზე ივანიშვილის კარზე, ახლა კი, ბოლო 2-3 თვეში ამ ერთი პაიკის კატასტროფულ პოლიტიკურ ვარდნას ვუყურებთ. ზუსტად ასე უნდა ეშინოდეს ყველას, ვისთან შედარებითაც მდინარაძე ფიგურაა, რა უნდა თქვან სხვებმა, ვინც დღეს მოლაპარაკე თავები არიან, ვინც მჯიღს იცემდნენ, გუშინ ღარიბაშვილს აქებდნენ და დღეს დედას აგინებენ, ვინც გუშინ მდინარაძეს აქებდნენ და მის ბიჭებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, ხვალ და ზეგ მდინარის მაგინებლები გახდებიან. აი, ეს არის რეალობა, ავტოკრატიის კარზე ყველაფერი წამიერად იცვლება, ზუსტად ისე, როგორც ისე, როგორც ეცვლება ხასიათი ამ ყველაფრის მმართველს, ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.