გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, გუშინ თბილისში გერმანიის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
„ბარბარა ფოსი საელჩოს ხელმძღვანელობას იწყებს იმ პერიოდში, როდესაც ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები დაძაბულია. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენს ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები.
გერმანიასა და საქართველოს შორის არსებობს პირადი ურთიერობების, პარტნიორობისა და სამოქალაქო საზოგადოებათა თანამშრომლობის მყარი და ცოცხალი ქსელი. ხელოვნებაში, კულტურაში, განათლებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული ეს ადამიანური კავშირები მდგრადია კრიზისის დროსაც. ეს არის ის ბირთვი, რაც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.
გერმანიის ერთგულება ქართველი ხალხისა და მათი პროევროპული კურსის მიმართ უცვლელია. თქვენთან ერთად გვსურს გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები და შევინარჩუნოთ ცოცხალი დიალოგი საზღვრების გარეშე. თქვენც შემოგვიერთდით ამ გზაზე!“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.