ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომ ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი სრულიად გამორიცხავს, რომ მასთან შენობაში იმყოფებოდა რომეო მიქაუტაძე. თუმცა, ფაქტი სახეზეა, მიქაუტაძე ამ შენობაში ნამყოფია არაერთხელ. ეს გამორიცხვაც და რადიკალურად თავის დაჭერაც, ბევრ რამეზე მეტყველებს, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.
მან დაცვის მხარის მიერ დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.
„დღეს ორი მოწმე დაიკითხა. ერთ-ერთი მათგანი იყო „მაგთიკომის“ წარმომადგენელი. არაერთხელ მაქვს გაჟღერებული, რომ ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს ზემოთ ხსენებული დაწესებულიდან ის ინფორმაცია, რაც გულისხმობს მობილური ოპერატორების ხელთ არსებულ ინფორმაციას. კონკრეტულად, საქმეში ფიგურანტი მნიშვნელოვანი პირების მიმართ, მაგალითისათვის, რომეო მიქაუტაძის და ასევე ბრალდებულთან მიმართებით, კონკრეტულ დროს სად, რა ლოკაციაზე იმყოფებოდნენ - თანხის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით მოწმეებმა რომ ისაუბრეს, ეს მონაცემები რამდენად რეალური და შესაბამისობაში იყო სიმართლესთან, ამის გადასამოწმებლად, ერთ-ერთი კარგი ბერკეტი აქვს გამოთხოვა ინფორმაციის, ინტერნეტ ტრაფიკების და დეტალურის. ჩვენ ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ, დავათვალიერეთ, დავამუშავეთ, ამასთან დაკავშირებით გამომძიებელიც დაიკითხა და ზუსტად ამ ინფორმაციით ცხადი ხდება, რომ იმ პერიოდში, რაზეც მოწმე უთითებს და საუბრობს, ნამდვილად ორივე იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. აქ ძალიან ბევრი დეტალი და ნიუანსია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსი ინფორმაცია გვაქვს დამუშავებული. ამ გამოცდილების, ზოგადად, გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ერთი და იგივე ლოკაციას, ამ შემთხვევაში სუს-ზეა საუბარი, ფიქსირდება რომეო მიქაუტაძის და გრიგოლ ლილუაშვილის ყოფნა იმ პერიოდში, რაც კავშირშია თანხის გადაცემასთან. რაც შეეხება დაკითხულ მოწმეს, ეს პიროვნება მოიყვანეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია. მოწმემ ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ანძები თბილისში უამრავია, როცა პიროვნება მის ხელთ არსებული ტელეფონით იმყოფება ამა თუ იმ ლოკაციაზე, პრიორიტეტულად იმ ლოკაციას უჩვენებს, რაც მისთვის უახლოესია.
ჩვენ დავკითხეთ მათ შორის, ბიზნესმენი, რომელიც საუბრობს, რომ თანხა გადასცა [მიქაუტაძეს], იმავე პერიოდში ფიქსირდება, რომ ეს პიროვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. დროის კუთხით მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა, ბიზნესმენის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რამდენად თანხვედრაში მოდის რომეო მიქაუტაძის მოწოდებულ ინფორმაციასთან. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რომ ბრალდებული გრიგოლ ლილუაშვილი სრულიად გამორიცხავს, რომ ამ შენობაში საერთოდ მასთან იმყოფებოდა რომეო მიქაუტაძე. თუმცა, ფაქტი სახეზეა, რომეო მიქაუტაძე ამ შენობაში ნამყოფია არაერთხელ. ეს გამორიცხვაც და რადიკალურად თავის დაჭერაც ბევრ რამეზე მეტყველებს.
ასევე დაიკითხა გრიგოლ ლილუაშვილის დაცვის რიგითი თანამშრომელი. აქცენტი იყო იმასთან დაკავშირებით, ჰყავდა თუ არა მას რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნანახი. მოწმემ განმარტა, რომ მიქაუტაძე იქ ნანახი არ ჰყავდა, თუმცა, დამაზუსტებელი კითხვებით გაირკვა, რომ ამ ადამიანმა არ იცოდა რომეო მიქაუტაძე ვინ იყო და მხოლოდ მას შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი რომეო მიქაუტაძე ვინ იყო, რაც ადვოკატების გამოკითხვისას დაგუგლა და რაც სატელევიზიო სივრცეში ეს საკითხი აქტუალური გახდა. ამ ადამიანს ვერ ემახსოვრება, რომეო მიქაუტაძე ნანახი ჰყავს თუ არა",- განაცხადა ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.