ჩვენ ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ვირთხების რბოლის გაგრძელებას. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. ის ერთმანეთს აჭმევინებს იმ ვირთხებს, რომლებიც თვითონ გამოზარდა - ასე გამოეხმაურა "ლელო-ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ეს არის “არის სუსტი და შინაგანად დაცლილი და დაპირისპირებული რეჟიმის ძალიან პირდაპირი და მკაფიო გამოხატულება”.
“ჩვენ ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის ვირთხების რბოლის გაგრძელებას. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. ის ერთმანეთს აჭმევინებს იმ ვირთხებს, რომლებიც თვითონ გამოზარდა, რომლებმაც ჯერ საქართველო გადახრეს და წირვა გამოუყვანეს ყველა ქართულ ინსტიტუტს, ქართულ ბიუჯეტს, ქართულ ეროვნულ თვითმყოფადობას, მოსპეს ყველაფერი ქართული და ახლა ერთმანეთის ჭამაზე არიან გადასულები. ეს არის სუსტი და შინაგანად დაცლილი და დაპირისპირებული რეჟიმის ძალიან პირდაპირი და მკაფიო გამოხატულება. მე მინდა წარმატება ვუსურვო ამ რეჟიმს ერთმანეთის დაჭმის გზაზე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და რაც დარჩება, იმას ქართველი ხალხი გასცემს საბოლოო, დამაჯერებელ პასუხს. ახალი, ჩემი აზრით, არაფერი არ გვინახავს. ეს არის მათი ხელწერა: ისინი ჯერ სახელმწიფოს ხრავენ და შემდეგ უკვე ერთმანეთის ჭამაზე გადადიან. უბრალოდ, გულს მწყვეტს რეგიონების ბედი, რომელიც, აი, ასეთი ღვაწლმოსილი მეთაურის და პატრონის გარეშე, ასე ეულად დარჩა. არ ვიცი, რა შეავსებს იმ ძალიან დიდ დანაკლისს, რასაც ბატონი მამუკას წასვლა უქმნის თითოეულ იმ რეგიონს, რომელშიც, ალბათ, მთელი რამდენიმე დღე იმუშავა იმ ერთადერთ კვირაში, რაც მინისტრად გაატარა. ასევე საზოგადოებას აინტერესებს, აი იმ ჩინმედლებს, რამდენიმე კილოს, რომელიც ირაკლი კობახიძემ, თავისმა ძმაკაცმა თავის დროზე დაურიგა, წაიღებს თუ დატოვებს.
არ ვიცი, შიდა განხილვა-გარჩევებში რა მოტივაციები გამოიკვეთა, მაგრამ ვიცი ის, რომ ფართო ჩარჩო, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება, არის ბიძინა, მისი ვირთხები და ამ ვირთხების უნიკალური თვისება, რომ დაჭამონ საბოლოო ჯამში ერთმანეთი, რადგან უკვე ვეღარ ჭამენ ქვეყანას, არაფერი დარჩა შესახრავი. მთლიანად ეს ქვეყანა დაიმორჩილეს, გამოხრეს, გააღატაკეს, რეალურად დასცეს და ახლა გადავიდნენ იმაზე, რასაც ვირთხები ყოველთვის შვებიან - ერთმანეთის ჭამაზე. ახლა ამას წინ უძღოდა თუ არა დამატებით ღარიბაშვილის ინციდენტის როლი, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა ამ ქვეყანაში. მთავარი არის ის, რომ ვირთხები ერთმანეთს ჭამენ და ეს იქნება ამ რეჟიმის ბოლო”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წერილებს, მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და ასევე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ის სასამართლო სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს, გეგელიას თქმით, “ღარიბაშვილი დარჩა ისეთივე კომიკურ იდიოტად, როგორც ყოველთვის იყო მთელი მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში და ეს წერილებიც, რა თქმა უნდა, არის ამისი დასტური”.
“უფრო საინტერესო ნაწილი, რასაც ამ წერილებში ვხედავთ, არის რომ საქართველოს ორგზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ღიად ადასტურებს, რომ სასამართლო არ არსებობს და იმართება პოლიტიკურად, პარტიის მიერ. მან პირდაპირ განაცხადა, რომ მან იცის, როგორ მართავს სისტემა სასამართლოს და ის ამ სასამართლოს არ ენდობა. როდესაც ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას, რა თქმა უნდა, ეს არის გადამწყვეტი ვერდიქტი რეჟიმთან დაკავშირებით და დასტურდება ის, რასაც ჩვენ ყველანი წლებია ვლაპარაკობთ - საქართველოს არ გააჩნია სასამართლო, საქართველოში ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს. დღესაც, როდესაც მდინარაძე წაბრძანდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ბიძინა ივანიშვილთან განიხილებოდა ეს საკითხი. ამიტომ, აი, ამ ვირთხების რბოლაში ჩვენ ვნახეთ იმ ყველაფრის დადასტურება, რასაც მე პირადად და სხვა კოლეგები წლებია ვლაპარაკობთ: რომ პირველი - ამ ქვეყანას ექსკლუზიურად მართავს ივანიშვილი, მეორე - ამ ქვეყანას არ გააჩნია არცერთი ინსტიტუტი, აქ არის ერთადერთი ინსტიტუტი და ეს არის პარტია და მისი სხვადასხვა საცეცები: სუს-ი, პოლიცია, სასამართლო, მაგრამ ყველა ესენი წარმოადგენენ საცეცებს ერთი და იმავე ორგანოსი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსი და მესამე - ამ რეჟიმის ნდობა არცერთ ნორმალურ მოქალაქეს აღარ უნდა სურდეს, იმიტომ, რომ ისინი არიან არათანმიმდევრულნი, კორუმპირებულნი და ყველაფერზე წამსვლელები. ეს თავად დაადასტურეს ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. არაფერი, რასაც ჩვენ ვამბობდით, არ დარჩა ისე, რომ თვითონ არ დაედასტურებინათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საწინდარი იმისა, რომ “ქართული ოცნების” ჯერ კიდევ შემორჩენილი ამომრჩევლებიც შეიცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებას და მიხვდებიან, რომ ამ წუმპეში, რაშიც მათ ჩაათრიეს ეს ქვეყანა, აღარ შეიძლება არსებობის გაგრძელება და ისინიც მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და აირჩევენ სხვა პოლიტიკურ ძალებს”, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.