არჩილ გორდულაძე - მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ - თავად თქვა, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია, დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია

მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ - თავად თქვა, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია, დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „მამუკა მდინარაძეს განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული 10-წლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე“.

„მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა, მისი წასვლა დანაკლისია. ამავდროულად, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს. მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად [შესაბამისად] ჩათვალა სხვადასხვა პირობიდან გამომდინარე, რომელიც თავად ახსნა.

მან არაერთხელ ახსენა, რომ არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება ამ ყველაფერსო [ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები], მაგრამ ისაუბრა ძალიან გულწრფელად. ძალიან გულწრფელი იყო თავის საუბარში. ვინც კი ამ ადამიანს იცნობს, დარწმუნდებოდა მის გულწრფელობაში. თვითონ აქვს ნათქვამი, რომ არავისთვის არასდროს წერილი არ გაუგზავნია. დანარჩენი ყველაფერი არის აბსოლუტური სპეკულაცია,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.

„ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება