საპროტესტო აქციებისას დაკავებული გურამ ხუტაშვილის ოჯახის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც თავად გურამს არ ჰქონდა. ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსს“ გურამ ხუტაშვილის დამ განუცხადა.
“ჩემთვის არ იყო ცნობილი. არც გურამს ჰქონდა არანაირი ინფორმაცია შეწყალების შესახებ. როგორც გურამი ამბობს, საკანში შემოვიდნენ და მითხრეს, თავისუფალი ხარო და იმ დღესვე გამოუშვეს”, - განაცხადა ხუტაშვილის დამ.
გურამ ხუტაშვილს, ვიდეოსათვალთვალო კამერების დაზიანების ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ 2025 წლის 2 ივნისს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას წელიწადნახევარი ჰქონდა დარჩენილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.