დავით ხომერიკი - საკანში შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს „C вещами“, უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი - უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ტაქსის მძღოლმა უფასოდ წამიყვანა

ასე უცაბედად, შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს „C вещами“. უცბად, შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით, არ გვჯეროდა საერთოდ არაფრის, - ამის შესახებ აქციების ფარგლებში, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დავით ხომერიკმა, საპატიმროდან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა.

მისივე თქმით, სახლამდე ტაქსით მივიდა, ტაქსის მძღოლმა კი მგზავრობის თანხა არ გამოართვა.

“დაახლოებით 9-ის ნახევარი იყო. გულის სიღრმეში ყველას აქვს მოლოდინი, რომ უფრო ნაადრევად დატოვებს იქაურობას და მალე ჩაეხუტებიან ოჯახის წევრებს.

ანდრო ჭიჭინაძე იყო ჩემთან ერთად, ირაკლი მიმინოშვილი - ჩვენი ღიმილა ბიჭი. გიორგი მჭედლიშვილს, ალბათ, საერთოდ არ იცნობთ, ისიც ჩემთან ერთად იყო.

15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს. მერე მაჩქარებდნენ. ორი წუთი კიდევ დავრჩებითქო, მინდოდა დარჩენა, რომ ბიჭებს დავმშვიდობებოდი. შემდეგ უკვე ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, იქ ხელი მოგვაწერინეს, რაღაც საბუთებზე და შემდეგ უკვე გაგვიყვანეს გარეთ, ჭიშკარს გავცდით, შლაგბაუმს გავცდით და ეგ იყო.

უბანში მივედი ტაქსით, ფული არ მქონდა და ტაქსის მძღოლმა უფასოდ წამიყვანა. რომ მივედი, ჩემს ძმას გავძახე ქვევიდან "ზუკა!"-მეთქი და ერთი ამბავი ატეხა ზევიდან, “რომელი ხარო?” მთელი უბანი შეძრა. მამამ ვერ გაიგო, წირვაზე იყო” - განუცხადა დავით ხომერიკმა „ტვ პირველს“, რომლის მამაც სასულიერო პირია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა