ჩემთვის მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება დასანანი იყო, რადგან მას ქვეყნისთვის და გუნდისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მან ყოფილ თანაგუნდელს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ჩემთვის ეს გადაწყვეტილება დასანანი იყო, იმიტომ, რომ ამ ადამიანს ქვეყნისთვის და გუნდისთვის ძალიან ბევრი სასიკეთო რამ აქვს გაკეთებული, თუმცა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ეს მისი პირადი გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია, რომ მას წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. სხვა მხრივ, ვიცოდი, არ ვიცოდი, მოულოდნელი იყო, მოსალოდნელი და ა.შ., ნაკლებად რელევანტურია, საერთოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მან მიიღო გადაწყვეტილება და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ,“ - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე "ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს". მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს.
„ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, - განაცხადა მდინარაძემ.