28 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, მარიამობის დღესასწაულს ზეიმობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს მარიამობა კახში, ჩვენს თანამემამულეებთან ერთად განსაკუთრებულად აღინიშნა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში, ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
წირვას ადგილობრივ მრევლთან და აზერბაიჯანში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებთან ერთად, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და დელეგაციის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ მაჭარაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ქადაგიძე, საპარლამენტო ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე თეოდორემ ადგილობრივ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, კათოლიკოს-პატრიარქის მოკითხვა, ლოცვა-კურთხევა, მილოცვა გადასცა და მარიამობის დღესასწაულის შესახებ იქადაგა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თავის გამოსვლაში, ვიზიტის განხორციელებაში გამოვლენილი მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა მეუფე თეოდორეს, სხვა სასულიერო პირებს, ქართული დელეგაციის წევრებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, მაია თაბაგარსა და აზერბაიჯანში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს.
„რაც ყველაზე მთავარია, მივესალმები ადგილობრივებს, ქართველებს, რომლებიც დღეს აქ დგახართ და ინარჩუნებთ ქართველობას და ქრისტიანობას" - აღნიშნა სააგენტოს თავმჯდომარემ.
მან მართლმადიდებელ ქართველებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა.
"მადლობა ღმერთს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფებით. ყოველთვის გიორგობის დღესასწაულზე მიწევდა კახში ჩამოსვლა და მარიამობას დღეს თქვენთან ერთად პირველად ვარ და ამ წმინდა ტაძარში ვეზიარე თქვენთან ერთად. მე მჯერა და მწამს, რომ დღევანდელი დღის ძალა და მადლი არა მარტო თითოეულ თქვენგანს, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს, ყველა ქართველს და ქრისტიანს შეეწევა, ეს საფუძველი იქნება კიდევ უფრო კარგი ნაბიჯების გადადგმის.
როგორც მეუფემაც ბრძანა, გუშინ ოფიციალური შეხვედრა გვქონდა ბაქოში, რელიგიის კომიტეტში და უკვე დაიწყო პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. აქ ესწრება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ისევე როგორც რელიგიის კომიტეტს, ჩვენს კოლეგა უწყებას ბაქოში. ბუნებრივია, გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი და გვაქვს იმედი და პერსპექტივა, რომ უკვე დამდეგ გიორგობას უფრო დიდი შემადგენლობით ჩამოვიდეთ, უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩამოსვლა და არა მხოლოდ გიორგობის დღესასწაულზე, არამედ სხვა დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზეც განხორციელდეს ვიზიტები," - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
სააგენტოს ცნობითვე, მან, ასევე, ისაუბრა კახის რაიონში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო მესამის მომავალ ვიზიტზე. მან ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის მომზადებისა და განხორციელების პროცესში, მეუფე თეოდორესა და საპატრიარქოს ქართული სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა.
დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს ასევე სიტყვით მიმართეს და მარიამობის დღესასწაული მიულოცეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა და სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.