მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული, წარმოშობით რუსი აქტივისტი, დენის კულანინი, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა და რომელსაც რუსეთში დეპორტაცია ემუქრება, მშრალად შიმშილობს

გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული, წარმოშობით რუსი აქტივისტი დენის კულანინი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა, მშრალად შიმშილობს. ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული და რუსეთში დეპორტაცია ემუქრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა მარინა მესხმა განუცხადა, უფლებადამცველები სასამართლოს დენის კულანინის მისი წარმოშობის ქვეყნის ნაცვლად, მესამე ქვეყანაში გაძევების შუამდგომლობით მიმართავენ, რის უფლებასაც მესხის თქმით, მათ კანონი აძლევს.

მესხმა დენის კულანინი დაწესებულებაში დღეს მოინახულა და როგორც ის განმარტავს, კულანინს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისად, მისთვის უცნობია, ამ წუთებში შიმშილობა შეწყვეტილი აქვს თუ არა.

„ცუდად გამოიყურებოდა, გამხდარი, გაშავებული სახით იყო, მშრალი შიმშილობა ჰქონია გამოცხადებული, რადგან არ იცოდა, რა ელოდა, მისი პასპორტიც არ იცოდა სად იყო, ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ თვითმფრინავის ბილეთი ავუღეთ მესამე ქვეყანაში. დავაწყნარე, დავამშვიდე, ვუთხარი, რომ კანონით აქვს უფლება მესამე ქვეყანაში გავიდეს, მთავარია სასამართლომ და საემიგრაციო დეპარტამენტმა თანხმობა მოგვცეს. ვუთხარი, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მესამე ქვეყანაში გავიდეს, ვთხოვე, რომ ეჭამა, რადგან დღეს სასამართლო იქნება და ძალა ჰქონდეს და რომ ყველაფერი კარგად იქნება. არ ვიცი, შიმშილობა შეწყვიტა თუ არა, მე და ადვოკატი ციალა რატიანი ვესაუბრეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი.

სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მისი გაძევების საკითხი. ზოგადად, წარმოშობის ქვეყანაში აძევებენ, მისი წარმოშობის ქვეყანა რუსეთია, სადაც საფრთხე ემუქრება, მას კანონით აქვს უფლება, მესამე ქვეყანაში წავიდეს, ჩვენ მესამე ქვეყანაში ავუღეთ ბილეთები, მაგრამ სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მიგრაციის დეპარტამენტთან ერთად“, - განაცხადა მესხმა.

ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა.

დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე 9 მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში