კი და არც დაუმალავს ეს პარლამენტის თავმჯდომარეს, - ასე უპასუხა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა კითხვას, იქმნებოდა თუ არა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მამუკა მდინარაძისთვის.
შარმანაშვილის თქმით, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაინახა, რომ მამუკა მდინარაძე თავისი გადაწყვეტილების გამო ვეღარ დაეხმარებოდა იმ საქმეებში, სადაც ის წარმოედგინა, ამ ცვლილების საჭიროებაც მოიხსნა.
„კი და არც დაუმალავს ეს პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, მთავრობის სტრუქტურა დამოუკიდებლად განსაზღვროს. კონსტიტუციაში წერია, რომ ამის ინიცირების უფლება მხოლოდ მთავრობას აქვს. ნებისმიერ კანონში შეგვიძლია ცვლილების შეტანა, გარდა ორი გამონაკლისისა - მათ შორის, ბიუჯეტის კანონისა, სადაც მთავრობის თანხმობისა თუ ინიციატივის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. ეს ტყუილად არ არის. პრემიერ-მინისტრის განსასაზღვრია, ვინაიდან ის ერთადერთი პირია, ვისაც შეუძლია მთავრობის ნებისმიერი წევრი გაათავისუფლოს ისე, რომ პარლამენტის თანხმობაც არ დასჭირდეს. როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაინახა, რომ მამუკა [მდინარაძე] ვეღარ დაეხმარებოდა იმ საქმეებში, სადაც ის წარმოედგინა, რომ დაეხმარებოდა, ამ ცვლილების საჭიროებაც მოიხსნა. ეს სრულად პრემიერის შეხედულებაზეა დამოკიდებული. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, რომ მე ავდგე და დილით ვთქვა, მოდი, ეს თანამდებობა შემოვიღოთ-მეთქი. ამის უფლება არ მაქვს. კონსტიტუცია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატს, პარლამენტსა და კომიტეტს აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, სამთავრობო სტრუქტურებს რაც შეეხება, იქ ინიციატივა მხოლოდ მთავრობას ეკუთვნის. ასე რომ, ეს მოსალოდნელიც იყო. პრემიერს ეგონა, რომ მამუკა მდინარაძე რეგიონული მართვის საკითხებში დაეხმარებოდა, ამიტომაც გამოვიდა ამ ცვლილების ინიციატივით. ვინაიდან მამუკამ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ახლა პრემიერ-მინისტრს სხვა შეხედულებების გატარება მოუწევს და ველოდებით მისგან ახალ ინიციატივას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ინიციატივა ჯერ არ შემოსულა. სავარაუდოდ, მთავრობა ისევ ძველი სტრუქტურის დაბრუნებას შემოგვთავაზებს - ანუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონული საკითხები ისევ ერთად იქნება. თუმცა, ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მინახავს”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამასთან, შარმანაშვილმა შეაფასა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის საკითხი და განაცხადა, რომ მას გული დასწყდა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ „იქნებ წლების შემდეგ მდინარაძემ თავის გადაწყვეტილებას გადახედოს და პოლიტიკაში დაბრუნდეს“.
„რა თქმა უნდა, გული დამწყდა. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი იყო და საკმაოდ დიდი დანაკლისია, როდესაც ასეთი ადამიანი პოლიტიკას სცილდება და, შესაბამისად, გუნდსაც სცილდება პოლიტიკური მიმართულებით. არ გეგონოთ, რომ ვინმესთან განხილული მაქვს - მაგრამ იქნებ წლების შემდეგ გადახედოს თავის შეხედულებას და ისევ მობრუნდეს, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტია, მე ამაში ვერ ჩავერევი. მის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ. რაც შეეხება რაიმე უარყოფითი არგუმენტი, რის გამოც ის შეიძლებოდა წასულიყო, ჩემთვის ცნობილი არ არის, არავისთვის ცნობილი არ არის. ჩვენი ოპონენტებისთვისაც ცნობილი არ არის, გარდა იმისა, რომ რაღაცა გამოგონილ ნარატივებს და სისულელეებს ლაპარაკობენ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ჯერ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინე ისეთი, რომელიც ჩამაფიქრებდა ამ თემაზე”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კი ისევ გაერთიანდება.