შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მოთხოვნაც, გასული წლის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის მსჯავრდებული, წარმოშობით რუსი აქტივისტის დენის კულანინის შეწყალების შემდეგ მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გაშვებაა.
დენის კულანინი საქართველოდან გაძევებამდე მიგრაციის დეპარტამენტში პატიმრობაში იმყოფება. ადვოკატის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა დენის კულანინის მესამე უსაფრთხო ქვეყანაში გაშვებაა, „რისი უფლებაც მას კანონით აქვს“.
„ვესაუბრე დენის კულანინის საქმის მენეჯერს და ვუთხარი, რომ პასპორტები მატერიალური სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა მან თქვა, რომ მასთან არ იყო მისული და ვთხოვე, რომ გადაეხედა საკუთარი გადაწყვეტილებისთვის და გადაეყვანათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც იგი გაემგზავრება მესამე ქვეყანაში. რეისი არის 12:40-ზე, ყველა დოკუმენტი ბილეთი, ჩასაჯდომი ბარათი და ჩემი ორდერის ასლი პასპორტებთან ერთად მატერიალური სახით არის უკვე მიგრაციის დეპარტამენტში. შესაბამისად ვერანაირ დამაბრკოლებელ გარემოებას ვერ მიუთითებს მიგრაციის დეპარტამენტი რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არ გადაყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომ ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო“, - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან” საუბრისას.
ცნობისთვის, დენის კულანინი წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.