„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
ის მიმართავს შესაბამის ორგანოებს, ექსპრემიერის მიმართ „განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი“ აამოქმედონ.
ინაშვილი ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებას, რომელშიც ექსპრემიერი საუბრობს უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეზე და სვამს კითხვას რა გახდა მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი და ამბობს, რომ „რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს”.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლაზარე ჯორბენაძე აღმსარებელი და მაზიარებელი კაცი იყო და მისი თვითმკვლელობა იმთავითვე ეჭვს იწვევდა და უამრავ კითხვას ბადებდა.
ღარიბაშვილის წერილი ცხადყოფს, რომ ნებისმიერი კრიტიკა, ჩვენს შემთხვევაში კი, სრულიად საფუძვლიანი კრიტიკა მტრობის რანგში იყო აყვანილი მდინარაძე- კობახიძის გუნდის მიერ, რომელიც საკუთარი უცოდინარობის და უვარგისობის გამოსწორებას კი არ ცდილობდა, არსებული პრობლემების სხვებზე გადაბრალებით იყო დაკავებული.
მაგრამ სხვებზე გადაბრალება აქ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ახლა საჯაროდ დაისმება კითხვები, როგორც უსაფუძვლოდ დაპატიმრებული ადამიანების შესახებ და რაც უარესია, ადამიანების თვითმკვლელობებთან დაკავშირებით.
პირველი კითხვა უკვე დასმულია, ის ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასვა და ეს კითხვა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას ეხება, თუმცა, მე არ გამოვრიცხავ- თვითმკვლელობის იმიტაციასაც კი, რადგან უკვე ვთქვი, რომ ეს კაცი აღმსარებელი და მაზიარებელი იყო, რაც თვითმკვლელობას ეჭვს ქვეშ აყენებს.
ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია,- დაიწყოს მოკვლევა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
ამავდროულად, სრულიად ბუნებრივად მიჩნდება განცდა, რომ ღარიბაშვილის სიცოცხლე ახლა უკვე საფრთხეშია, ამიტომ საჯაროდ მივმართავ შესაბამისი კომპეტენციის ორგანოებს,- განსაკუთრებული დაცვის რეჟიმი აამოქმედონ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ“, - წერს ინაშვილი.