"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებაში არსებული ფორმულირებები "საგანგაშოა".
დეკანოიძის თქმით, ყოფილი პრემიერი "ხელს ადებს" პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ ისინი "კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე" მიჰყავდათ ადამიანები.
"ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა:
განსაკუთრებით რიჟვაძისა და ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილის შემთხვევებში.
“არაერთი თვითმკვლელობა” - ეს არის ფორმულირება მის წერილში და საკმაოდ საგანგაშო.
მსგავსი ფორმულირება ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უმძიმეს დანაშაულს, რომელზეც მიანიშნებს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ", - წერს დეკანოიძე.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსენებს ყოფილ თანაგუნდელებს - პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ მისი მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მისივე თქმით, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა, ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ექსპრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძემ "ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა".
"თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს", - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ წერილში სვამ სკითხვას, "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და ამბობს, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".