საია - დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში გაძევება არ უნდა მოხდეს - დაბრუნება რუსეთში მას რეალურ საფრთხეს უქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ მოტივზე დაფუძნებული დევნისა დაპატიმრების თვალსაზრისით

საია მიიჩნევს, რომ დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში გაძევება არ უნდა მოხდეს, და, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ დატოვოს საქართველოს ტერიტორია და გაემგზავროს მესამე (უსაფრთხო) ქვეყანაში, - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

განცხადების თანახმად, დენის კულანინი მიეკუთვნება სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის მკაფიო და განჭვრეტადი საფრთხე.

„2026 წლის 28 აგვისტოს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების მოთხოვნით. აღნიშნული საქმე 30 აგვისტოს განიხილა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა, რომელმაც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში არ დააკმაყოფილა დენის კულანინის ადმინისტრაციული სარჩელი საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით. ნინო შჩერბაკოვმა დააკმაყოფილა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა და კულანინი დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსა არაუმეტეს 3 თვის ვადით.

რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, 2025 წლის 28 მარტს დააკავეს პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი) და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგი ერთ-ერთია 2026 წლის 28 აგვისტოს აქციების კონტექსტში მსჯავრდებულ 9 პირთაგან, რომელთა მიმართაც შეწყალება განხორციელდა.

კულანინის ადვოკატის განმარტებით, გაძევების ფორმალურ საბაბად საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევა დასახელდა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დენისის გაძევება ხორციელდება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც სასჯელმოხდილი უცხოელის ქვეყნიდან გაძევებას ითვალისწინებს.

კულანინის წარმომადგენლის თანახმად, სასამართლომ გაითვალისწინა შსს-ს მითითებული საფრთხეები მიმალვისა და გაძევებისთვის თავის არიდების შესახებ ჰიპოთეტური რისკები და არ გაითვალისწინა მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად ნაყიდი ბილეთები.

კულანინი საჯაროდ გმობდა რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რაც რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. შესაბამისად, მისი დაბრუნება რუსეთში მას რეალურ საფრთხეს უქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ მოტივზე დაფუძნებული დევნისა დაპატიმრების თვალსაზრისით.

ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ პირის გაძევება ან ექსტრადიცია დაუშვებელია, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დანიშნულების ქვეყანაში მას რეალურად ემუქრება არაადამიანური მოპყრობა პოლიტიკური აქტივობის ან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს მიდგომა პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსის გამო დევნილი პირების მიმართ. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს ეკისრება გაძევებამდე რისკის მკაცრი და დამოუკიდებელი შემოწმების ვალდებულება, ხოლო თავად დევნილი პირები სასამართლოს მიერ „მოწყვლად ჯგუფად“ არის აღიარებული, რომელთა გაძევება არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ რისკს შეიცავს. ეს სტანდარტი პირდაპირ ვრცელდება რუსეთის პოლიტიკურ დისიდენტებზეც.

დენის კულანინი მიეკუთვნება სწორედ იმ მოწყვლად ჯგუფს, რომლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური დევნის, თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის მკაფიო და განჭვრეტადი საფრთხე. შესაბამისად, ქართულმა სასამართლოებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხედველობაში უნდა მიიღონ აღნიშნული გარემოება და არ გააძევონ დენის კულანინი რუსეთის ფედერაციაში.

სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პირის გაძევება ან ექსტრადიცია ქვეყანაში, სადაც მას რეალურად ემუქრება არასათანადო მოპყრობა პოლიტიკური მოსაზრებების ან საზოგადოებრივი აქტივიზმის გამო, ეწინააღმდეგება კონვენციით გათვალისწინებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. ამიტომაც, საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, მათ შორის, სასამართლო სისტემას, დენის კულანინის საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს ევროპული სასამართლოს სტანდარტით, რისი გამოყენების ვალდებულებასაც, გარდა საერთაშორისო ვალდებულებებისა, ეროვნული კანონმდებლობაც ქმნის.

საია მიიჩნევს, რომ დენის კულანინის რუსეთის ფედერაციაში გაძევება არ უნდა მოხდეს, და, მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უსაფრთხოდ დატოვოს საქართველოს ტერიტორია და გაემგზავროს მესამე (უსაფრთხო) ქვეყანაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია