გიორგი მელაშვილი - “ხელისუფლება შეეცდება პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მინიმალური დანაკარგით მოხსნას”
“გადამწყვეტი ზამთარი” და კრიტიკული თვეები კონტინენტისთვის - რისთვის ემზადება რუსეთი
პაატა ზაქარეიშვილი - “ფაშინიანმა გაიაზრა, რომ სომხეთმა ზედმეტი ტვირთი უნდა მოიცილოს”
* * *
გიორგი მელაშვილი - “ხელისუფლება შეეცდება პოლიტპატიმრების საკითხის დღის წესრიგიდან მინიმალური დანაკარგით მოხსნას”
“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოდელი თავიდან ბოლომდე აგებულია ერთი პირის გადაწყვეტილებებსა და ინტერესებზე. როდესაც “ოცნებაზე” ვსაუბრობთ, რეალურად ვგულისხმობთ ერთ კონკრეტულ პირს, მის პირად ინტერესებსა და მოლოდინებს... მაგალითად, უკრაინასთან თუ ევროპელებთან კომუნიკაციის აღდგენის ცდები ლოგიკურია, რადგან ეს პირდაპირ ჯდება ივანიშვილის ინტერესებში რისკების დასაზღვევად. აქედან გამომდინარე, არაფერია გამორიცხული. არაერთხელ გვინახავს პრემიერ-მინისტრების მოულოდნელი გადაყენება და პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა. გავიხსენოთ გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს, ან გიორგი გახარიას ჩამოშორება, როდესაც ეს დასჭირდა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილის წასვლა, მისი ხელახალი მობრუნება და ისევ გასტუმრება, თან უკვე ციხეში... ამიტომ გამორიცხული არაფერია და ირაკლი კობახიძეც შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს გადადგეს და თქვას, რომ აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება. სამწუხაროდ, მთელი სახელმწიფო აპარატი ემსახურება არა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არამედ კონკრეტული პირისას - რასაც ის გადაწყვეტს, სისტემა იმას შეასრულებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ღარიბაშვილის წერილები და მდინარაძის წასვლა - არის თუ არა კავშირი?!”
“მინდა აუცილებლად შევეხო აქციების მონაწილე პოლიტიკური პატიმრების თემას. ყველა ეს ადამიანი, რომელიც დღეს ციხეშია, სრულიად უდანაშაულოა - ეს არის მოცემულობა, რომელიც ძალიან კარგად იცის როგორც საზოგადოებამ, ისე თავად “ოცნებამ” (მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს მათი პროპაგანდა). მმართველ გუნდს ესმის, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა მათთვის მუდმივი პოლიტიკური საფრთხე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბარიერია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. შესაბამისად, ნებისმიერი რეალური დიალოგი საკუთარ საზოგადოებასთან თუ დასავლეთთან “ქართული ოცნებისთვის” შეუძლებელია პოლიტიკური პატიმრების საკითხის გადაჭრის გარეშე. კარგია, რომ 6 კაცი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ დანარჩენების გათავისუფლებაც შესაძლებელი გახდება მხოლოდ საზოგადოების მუდმივი ზეწოლით. ის, რომ ეს ადამიანები ციხეში არიან, თავად ხელისუფლებისთვისაც სერიოზული პრობლემაა, რადგან საზოგადოება ამ პროპაგანდისტული ნიაღვრის მიუხედავად, ხედავს მათ უდანაშაულობას. ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი დღის წესრიგიდან როგორმე მოხსნას, თანაც მინიმალური დანაკარგით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.
“რაც დღეს ირაკლი ღარიბაშვილის თავს ხდება, საბჭოთა სტილის წმენდების კლასიკური ანალოგია. პოლიტიკური კანონზომიერების თვალსაზრისით ახალი არაფერი ხდება. შიდაპარტიულ დაპირისპირებაში თავდაპირველად აშკარად ირაკლი კობახიძის ფრთამ გაიმარჯვა, თუმცა ფაქტია, ღარიბაშვილის წერილებმა “ქართულ ოცნებას” უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი მიაყენა. მართალია, ამ წერილებში არ ყოფილა ისეთი ფაქტობრივი სიახლეები, რაც საზოგადოებამ მანამდე არ იცოდა, მაგრამ მთავარია დასკვნები, რომლებიც თავად “ოცნების” ამომრჩეველმა და მაღალჩინოსნებმა გამოიტანეს. ღარიბაშვილს, როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტიაში შიგნით ჰქონდა მხარდაჭერა და რეიტინგი (განსხვავებით სხვა ყოფილი პრემიერებისგან, გახარიას გარდა), შესაბამისად, მისი ბოლოდროინდელი განცხადებები მიმართული იყო არა ოპოზიციისკენ, არამედ თავად პარტიის ბირთვისკენ და სწორედ ამაში მდგომარეობს მმართველი გუნდისთვის მთავარი საფრთხე - მათივე მხარდამჭერები იაზრებენ, თუ რა ტიპის სახელმწიფო აშენდა ამ დროის განმავლობაში”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.
“გარდა ამისა, თავად ღარიბაშვილისთვის წაყენებული ბრალდება, ჯარის კორუფციული ძარცვა, უაღრესად დამაზიანებელია “ოცნებისთვის”. ადამიანი ორჯერ იყო პრემიერი და თავდაცვის მინისტრი და ახლა მას ბრალად ედება ჯარის ქონების ტოტალური ქურდობა და კორუფცია. არადა, ეს ხალხი წლების განმავლობაში საზოგადოებას პატრიოტიზმზე, გარჯასა და ეროვნულ იდენტობაზე ელაპარაკებოდა და თან გამალებით ებრძოდა მათივე გამოგონილ “გლობალური ომის პარტიას”... ამ კომიკური და სამარცხვინო ფასადის გათვალისწინებით, ღარიბაშვილის საქმე მძიმე დარტყმას აყენებს მმართველი პარტიის მორალურ უპირატესობასა და შიდაპარტიულ ერთობას. საბოლოო ჯამში, ორივე ფლანგმა დააზიანა პარტიის იმიჯი, და ავტორიტარული რეჟიმების ლოგიკა უკარნახებს მათ, რომ თუ პრობლემას ორივე მხარე ქმნის, რეჟიმი ორივეს იშორებს ხოლმე. ამიტომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში ორივე დაპირისპირებული მხარის ჩაჩოჩება ვიხილოთ”, - დასძენს გიორგი მელაშვილი.
“გადამწყვეტი ზამთარი” და კრიტიკული თვეები კონტინენტისთვის - რისთვის ემზადება რუსეთი
“რუსეთი უკრაინასა და მთელ რეგიონში მასშტაბური ესკალაციის ახალი ტალღისთვის ემზადება. დასავლური დაზვერვის მონაცემებითა და პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის გაფრთხილებით, მომდევნო 7-8 თვე უსაფრთხოების კუთხით კრიტიკული იქნება. კიევზე ბალისტიკური დარტყმების გაძლიერებისა და ბირთვული შანტაჟის ფონზე, როგორ ჩანს, მოსკოვი ფსონს ომის კიდევ უფრო გამწვავებასა და პარტნიორების გამოფიტვაზე დებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) დირექტორის, ჯონ რატკლიფის მოსკოვში ვიზიტის შესახებ კი ტუსკმა აღნიშნა, რომ ვარშავა მუდმივ კონტაქტზეა ცსს-ს ხელმძღვანელობასთან და რატკლიფის საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ის მოულოდნელად არ შეხვედრია. მისივე თქმით, უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას გარკვეული ინფორმაცია საიდუმლოდ უნდა დარჩეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას მთავარი საფრთხეების შესახებ ცნობები დაუმალონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “გადამწყვეტი ზამთარი” და კრიტიკული თვეები კონტინენტისთვის - რისთვის ემზადება რუსეთი.
“ტუსკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტით აღარ შემოიფარგლება და მოსკოვი უაღრესად სერიოზულად გეგმავს ვითარების გამწვავებას როგორც უკრაინის წინააღმდეგ ომში, ისე მთელ რეგიონში, ხოლო მომავალი შემოდგომა და ზამთარი რუსეთისთვის გადამწყვეტი იქნება. “პოლიტიკოს” ცნობით, მოსკოვში ვიზიტისას რატკლიფმა რუსი ოფიციალური პირები გააფრთხილა, არ დაუშვან კონფლიქტის ესკალაცია ნატოს წევრ აშშ-ის მოკავშირეებთან, კერძოდ ესტონეთთან, ლატვიასა და ლიეტუვასთან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს ვიზიტის მიზანი პუტინის შეჩერება იყო, რათა ნატოს სიმტკიცე არ გამოეცადა ან თავს არ დასხმოდა დიდ ბრიტანეთს. ტრამპმა ამ ვიზიტს “ნახევრად რუტინული” უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ შეხვედრის მიზანი ომის დასრულების ხელშეწყობა გახლდათ. კრემლთან დაახლოებული სამი წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა დაასკვნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და უკრაინაზე თავდასხმების ესკალაციისთვის ემზადება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ანონიმური წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე მოსკოვი კიევზე - მათ შორის დედაქალაქის ცენტრზე და უკრაინის სხვა ქალაქების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მძლავრი კონვენციური ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების ინტენსიფიკაციას განიხილავს. წყაროების შეფასებით, მოლაპარაკებების ჩარჩო ფაქტობრივად ჩაიშალა და მეომარი მხარეები კვლავ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. მათივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ომს არც სანქციებით გამოწვეული ეკონომიკური ზეწოლისა და არც რუსულ გადამამუშავებელ ქარხნებსა თუ ლოგისტიკურ ქსელებზე უკრაინის იერიშების გამო არ შეაჩერებს. წყაროების ცნობით, მოსკოვი უკრაინის მიერ განხორციელებულ დარტყმებს სულ უფრო ხშირად ნატოს წევრი ქვეყნების იერიშებად აღიქვამს, ვინაიდან ალიანსის პარტნიორები კიევს იარაღითა და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფენ. მათვე დასძინეს, რომ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარე ეტაპი სამხედრო ესკალაციის პიკი ჯერ კიდევ არ არის”, - განაგრძობს გამოცემა.
“პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარ განზრახვებზე მინიშნება გასულ უქმეებზე, სახელმწიფო ტელევიზიის ჟურნალისტთან ინტერვიუში გააკეთა. “უკრაინამ პანდორას ყუთი თავად გახსნა. ახლა კი მოემზადეთ საპასუხო დარტყმებისთვის თქვენი ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე სექტორებში”, - განაცხადა მან. კრემლში მიიჩნევენ, რომ ომის განმავლობაში დათმობებზე ისედაც წავიდნენ და თითოეულმა მათგანმა რუსეთის პოზიციები დაასუსტა. მოსკოვმა ანკორიჯის შეხვედრაც მორიგ წარუმატებელ კომპრომისად აღიქვა. ხოლო საპასუხო დარტყმების ესკალაციის ფონზე, რუსი ოფიციალური პირების ნაწილი სულ უფრო ხშირად მიდის იმ დასკვნამდე, რომ უკრაინაში უკიდურეს ზომად ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. “მოსკოვში ბოლო დროს იმატა ომის მომხრეების მოწოდებებმა მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ. უკიდურესი პასუხი შესაძლებლად მიიჩნევა, ვინაიდან პუტინისთვის ომის გაგრძელებაზე უარესი ერთადერთი შედეგი მასში დამარცხებაა”, - წერს “ბლუმბერგი”. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს”, - დასძენს გამოცემა.
“პუტინი ვერსად ხედავს მის წინააღმდეგ მიმართულ კოლექტიურ ნებას, სამაგიეროდ ხედავს უამრავ გზას, თუ როგორ გატეხოს ხალხი”, - განაცხადა ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ფიონა ჰილმა, რომელიც აშშ-ის სამი პრეზიდენტის, მათ შორის ტრამპის პირველი ვადის დროს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იყო. “სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მის ქმედებებთან დაპირისპირებისას შეთანხმებული, კოლექტიური და თანმიმდევრული ძალისხმევა, ასევე დიპლომატიაში ჩართულობა. მას მკაფიოდ ფოკუსირებული მიზანი აქვს, ჩვენ კი დაბნეულები ვართ”, - ამბობს მკვლევარი. ამასთან, რუსეთის საკვანძო პარტნიორებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებისგან მკაცრად გააფრთხილეს. გასულ თვეს ჩინეთმა მოსკოვს მკაფიო გზავნილი გადასცა - უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის ამოქმედება განხილვის დონეზეც კი არ დაუშვას. მომდევნო კვირას, ყირგიზეთში დაგეგმილ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, მოსალოდნელია პუტინის შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან”, - წერს სტატიის ავტორი.
პაატა ზაქარეიშვილი - “ფაშინიანმა გაიაზრა, რომ სომხეთმა ზედმეტი ტვირთი უნდა მოიცილოს”
“ფაშინიანის მიზანი რუსეთისგან დისტანცირება კი არა, სომხეთისთვის დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შექმნაა. ფაშინიანი რუსეთს არ ებრძვის, პირიქით, ძალიან გაუხარდებოდა, რუსეთი სომხეთის განვითარებაში პოზიტიურ როლს რომ ასრულებდეს. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს აღიზიანებს სომხეთის დამოუკიდებლობა. რუსეთის გზავნილი ასეთია, თუ თქვენ ჩვენგან წახვალთ, უარესი იქნებაო, ფაშინიანის პასუხი კი ასეთია, დიდი ბოდიში, ჩვენ უარესი კი არა, უკეთესი გვინდა. თუ თქვენ ვერაფერს გვთავაზობთ უკეთესს და არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის გვაქვს, მაშინ რუსეთი არ მაინტერესებს. მე ვურიგდები აზერბაიჯანს, ვცდილობ მაქსიმალურად დავუახლოვდე თურქეთს და მინდა ევროპიდან მივიღო ის სიკეთეები, რაც ევროპას შეუძლია მომცესო. ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთი ევროპას იმდენად დაუახლოვდება, რამდენადაც ევროპა თავად დაიახლოებს - ანუ მას ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, ევროპისთვის პირობები არა აქვს წაყენებული და არ მიუთითებს, ასეთი ევროპა არ მომწონს და უნდა შეიცვალოსო. მისი პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია”, - აცხადებს ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ფაშინიანმა გაიაზრა, რომ სომხეთმა ზედმეტი ტვირთი უნდა მოიცილოს”.
“რუსეთი ამას, ბუნებრივია, აღიქვამს დისტანცირებად და ანტირუსულ პოლიტიკად. როცა 2023 წელს აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა, რეგიონი თითქმის დაიცალა სომეხი მოსახლეობისგან. ფაშინიანი მიხვდა, რომ სომხეთმა შეიძლება იმაზე მეტი დაკარგოს, ვიდრე უკვე დაკარგა. ამიტომ ომების შემდეგ დაიწყო მუშაობა მშვიდობისთვის. პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და მიხვდა, რომ ომის გაგრძელებაზე მეტად მშვიდობაა საჭირო. მართალია ფაშინიანი, როდესაც ამბობს, რაში მჭირდება ОДКБ (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია), რომელიც არ დამეხმარა, როცა მჭირდებოდაო. მისი პოლიტიკა დაახლოებით ასეთია: “თქვენთან ვიქნები იმდენად, რამდენადაც თქვენ ამიტანთ. თუ არ ამიტანთ და გამრიცხავთ, კი ბატონო. მე არ დაგიწერთ განცხადებას გასვლაზე. ფულს ვიხდიდი და როცა დამჭირდით, არ დამეხმარეთ. ამიტომ ОДКБ-ის წევრობაში ფულს აღარ გადავიხდი". აი, ასეთი ფრთხილი პოლიტიკა აქვს ფაშინიანს არჩეული. სომხეთს კვლავ აქვს სერიოზული გამოწვევები: აზერბაიჯანთან სამშვიდობო პროცესი არ არის დასრულებული, თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღსადგენია, შიდაპოლიტიკური საკითხები კვლავ გადასაჭრელია, მაგრამ მან გაიაზრა, რომ სომხეთმა ზედმეტი ტვირთი უნდა მოიცილოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“რუსეთს აქვს სამხედრო სცენარის გათამაშების სურვილი, მაგრამ ახლა რეალობა განსხვავებულია. საქართველოს შემთხვევაში 2008 წლამდეც არსებობდა მოუგვარებელი კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლითაც რუსეთი ეფექტურად მანიპულირებდა. პუტინმა სწორედ ამ კონფლიქტების გამოყენებით შეძლო თავისი სამხედრო და პოლიტიკური ჩარევის გამართლება. რაც შეეხება სომხეთს, გარდა იმისა, რომ რუსეთს მასთან საერთო საზღვარი არა აქვს, სომხეთის ტერიტორიაზე არ არსებობს ისეთი სეპარატისტული კონფლიქტი, რომლის გაძლიერებას და შემდეგ სეპარატისტების დაცვის საბაბით სამხედრო ოპერაციას დაიწყებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“გიუმრის სამხედრო ბაზის საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს მას შემდეგ, რაც სომხეთი თურქეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას სრულად აღადგენს. წლების განმავლობაში რუსეთი სწორედ თურქეთისგან მომდინარე საფრთხით ამართლებდა სომხეთში სამხედრო ყოფნას და გიუმრის ბაზას ერევნის უსაფრთხოების გარანტიად წარმოაჩენდა. თუ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა ნორმალიზდება, ბუნებრივად გაჩნდება კითხვა - სჭირდება თუ არა სომხეთს რუსეთის სამხედრო ბაზა, თუკი ის აღარ იქნება საჭირო თურქეთისგან მომდინარე საფრთხის დასაბალანსებლად? სომხეთი ჯერ გიუმრის ბაზის საკითხს პირდაპირ არ აყენებს, თუმცა მომავალში ეს შესაძლოა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ საკითხად იქცეს. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ სომხეთმა და თურქეთმა, წესით, საქართველომაც, რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის საკითხი უფრო ფართო კონტექსტში დააყენონ”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რეგიონში გავლენის დაკარგვის საფრთხეს რუსეთი კარგად ხედავს. ამის მკაფიო მაგალითი აზერბაიჯანია - AძAL-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ბაქომ მოსკოვისგან მკაფიო პასუხი მოითხოვა... აზერბაიჯანს რუსეთთან საკუთარი ინტერესები და ანგარიშები აქვს, ხოლო თურქეთთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობა მას უფრო თამამი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას აძლევს. ამას ემატება ისიც, რომ სომხეთმაც დაიწყო მოსკოვისგან დისტანცირება. შედეგად, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ერთდროულად კარგავს გავლენის რამდენიმე მნიშვნელოვან საყრდენს. ამასთან, რეგიონში პოზიციის გაძლიერებას განაგრძობს თურქეთი, იზრდება აშშ-ის ჩართულობაც, ხოლო ევროკავშირი უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი როგორც საქართველოში, ისე სომხეთში. თუ ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასიაში მთავარი გარე ძალა რუსეთი იყო, დღეს მისი მონოპოლია დასრულებულია. რეგიონში გავლენისთვის რამდენიმე ძალა იბრძვის და რუსეთის პოზიცია თანდათან სუსტდება. ამ ახალ რეალობაში რუსეთის მთავარ საყრდენად საქართველო რჩება”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვაზე - “ეს მოცემულობა საქართველოს რა საფრთხეების წინაშე აყენებს?” - პასუხობს:
“სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს რუსეთთან არც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, არც ОДКБ-ს, დსთ-ისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია. შესაბამისად, მოსკოვსა და თბილისს შორის ისეთი ინსტიტუციური კავშირები არ არსებობს, როგორიც ერევანსა და მოსკოვს შორის. საქართველოს შემთხვევაში რუსეთის მთავარი ბერკეტი ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია. სწორედ ამ ტერიტორიების გამოყენებით შეუძლია მოსკოვს საქართველოზე პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ზეწოლა. ამიტომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა ის არის, თუ როგორ შეიცვლება რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში და რამდენად შეეცდება მოსკოვი მათ საქართველოს წინააღმდეგ დამატებით ბერკეტად გამოყენებას. ამ ვითარებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივა და აფხაზებსა და ოსებსაც აჩვენოს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი მათთვისაც შეიძლება იყოს უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების შესაძლებლობა”.