რატომ ხდება უფრო მეტი ეპიზოდის შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმება, როდესაც ნაკლები ბრალის პირობებში არ მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება? იმიტომ, რომ ესენი მძევლებად ჰყავდათ და ბრალდების მხარის ერთადერთი დათქმა და მოთხოვნა იყო, რომ რაიმე კი არ ეღიარებინათ ბურჭულაძესა და მხეიძეს, ეს ნაკლებად აინტერესებდათ, მათ უნდოდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაედოთ ხელი , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
გელაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი აქამდე ხმას არ იღებდა და მის გუნდს უფრთხილდებოდა, თუმცა, როგორც ადვოკატმა განაცხადა, სწორედ ამ გუნდმა გაწირა ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
“ჩვენების მიცემამდე უკვე ვხვდებოდით, არ იყო ძალიან ძნელი მისახვედრი, საითკენ მიდიოდა საქმე, რა ინტერესი იყო და რა მოხდებოდა. ივლისის თვეში, როცა მას შეუგზავნეს წერილი და გარკვეული რაღაცები შეუთვალეს, იქ ეწერა, რომ არსებობდა ალბათობა, რომ პოლიტიკაში მობრუნდებოდა და რისკი, რომ გადაეზღვიათ თუ კი რამე ავტორიტეტი ჰქონდა დარჩენილი ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გაენადგურებინათ.
ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს ბრალის პირობებში, რაც ჰქონდათ წარდგენილი, პირველად როდესაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ახლა უფრო დაუმძიმდათ ბრალი. ძალიან ლოგიკურია კითხვა - უფრო მეტი ეპიზოდის შემთხვევაში რატომ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება, როდესაც ნაკლები ბრალის პირობებში, მითუმეტეს როდესაც ბრალდებულების მხრიდანაც მზაობა იყო, რატომ არ მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება? იმიტომ, რომ ესენი მძევლებად ჰყავდათ და მათი [ბრალდების მხარის] ერთადერთი დათქმა და მოთხოვნა იყო, რომ რაიმე კი არ ეღიარებინათ [ბურჭულაძესა და მხეიძეს], ეს ნაკლებად აინტერესებდათ, მათ უნდოდათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დაედოთ ხელი და ეს თამასა ისეთი მაღალი იყო, რომ მანამდე, ვიდრე პირველ ბრალზე განაჩენი დადგებოდა, საპროცესო შეთანხმება უფრო ადვილი გასაფორმებელი იყო და არ გაუფორმეს და ახლა, როდესაც 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, არ მოერიდნენ და დამატებითი ბრალის პირობებში გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება და სასჯელი კი არ გაუნახევრეს, მესამედი სასჯელი დაუტოვეს. მერე კიდევ, ალბათ, რამე შეეხებათ, ვადაზე ადრე გათავისუფლება ან რამე მსგავსი.
მე ვხვდები, რატომ მოხდა ასეთი გარიგება ბრალდების მხარესთან და რატომ არის ეს პოლიტიკური დევნა ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე მსჯავრდადებულია. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი სიცილითა და სიმშვიდით მიიღო? ის ძალიან დიდ ემოციურ წნეხს, ტკივილს, განცდებს გადიოდა, მაგრამ საპირწონედ არჩია ის, რომ ეს არ ყოფილიყო აღქმული, თუნდაც მისი რომელიმე განცხადება, რომ თითქოს ის ვინმეს რაიმეთი ებრძოდა, რათა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ ყოფილიყო მიმართული იმიტომ, რომ ის ძალიან კარგად აცნობიერებდა, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ არაფრით არ უნდოდა წასვლა, რომელი გუნდის პირველი პირიც იყო ორჯერ. მას თავისი პასუხისმგებლობა გასიგრძეგანებული ჰქონდა და თუნდაც ჩემი წინააღმდეგობისა, რომ რაღაც პირობებით არ ყოფილიყო გარიგება დუმილის სანაცვლოდ, მაინც წავიდა ამაზე და ეს ყველაფერი გააკეთა და ის წერილი, რაც მერე მიიღო, იყო გარდატეხა. გუნდმა, რომელსაც ასე უფრთხილდებოდა, გაწირა ის. ბოლომდე მოინდომეს მისი ჩაწიხვლა. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მან დაიწყო ამ წერილების წერა”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.
კითხვაზე, იცოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომ ბურჭულაძე და მხეიძე მის წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდნენ და ჰქონდათ თუ არა მათ ციხეში ერთმანეთთან კომუნიკაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, გელაშვილმა მათი წინასწარი კომუნიკაცია გამორიცხა და განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოლოდინი ჰქონდა.
“ციხეში ღარიბაშვილისა და ბურჭულაძის ურთიერთობა გამორიცხულია ისევე, როგორც ღარიბაშვილის სხვა პატიმრებთან ურთიერთობა, მაგრამ ის, რომ ამისი მოლოდინი ჰქონდა, უფრო მეტიც - დარწმუნებული იყო და ამის მერე დაიწყო წერილების წერა. როდესაც მას ციხეში შეგზავნილი წერილით რაღაც შეუთვალეს, პირდაპირ უთხრეს ამით, რომ ეს უნდა გააკეთონ იმიტომ, რომ გადააზღვიონ მისი პოლიტიკაში მობრუნება. ის მიხვდა, რომ ტყუილად არავინ ხელს არ დაადებდა, სანაცვლოდ გარკვეული და სერიოზული შეღავათები რომ არ მიეღოთ. ამიტომ, მხოლოდ მოლოდინი კი არ გვქონია, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ასე იქნებოდა. მას კონკრეტულად ბურჭულაძეზე არ ჰქონია რეაქცია, ფაქტზე ჰქონდა უფრო. მან წერილებში თქვა, რომ რეალურად კორუფციასთან ბრძოლა კი არ მიმდინარეობს, არამედ შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ებრძვიან კონკრეტულად მას. აქედან გამომდინარე, ის თვლიდა, რომ იყვნენ დამნაშავეები თუ არა, კონკრეტული პირები იდევნებოდნენ მის გამო”, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, დევს თუ არა საქმის მასალებში ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მისცა, ადვოკატმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ჩვენების საფუძველზე წარუდგინეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი.
“ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი რაც წარუდგინეს, იმ საქმის მასალებში მის წინააღმდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენება ნამდვილად დევს. ამ ჩვენების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, შესაბამისად, კითხვაზე, გვქონდა თუ არა ამის მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვქონდა, ველოდით, რომ საპროცესო შეთანხმება მოხდებოდა. ეს ქმედება, ტყუილზე ასე ხელის დადება იქნებოდა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მას მიეღო გარკვეული სარგებელი”, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.