შალვა პაპუაშვილი - ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მე მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში, რაც შეეხება დავით-გარეჯს, ლაზარე ჯორბენაძემ მძიმე ცოდვები დაიდო, ხელისუფლებას ცილი დასწამა და ამ ადამიანის სული მოასვენონ

სისხლის სამართლის საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს და ამით მთავარ საკითხზე ყურადღება მოდუნდეს - ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის, როცა საუბარია ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა და თავი მოიკლა. გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის საპატიმროდან გავრცელებულ წერილებს, სადაც ის “ასავალ-დასავალის” იმ სტატიაზე საუბრობს, რომელშიც უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე დავით-გარეჯის გაყიდვაში ადანაშაულებს ირაკლი კობახიძეს.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რატომ ახსენა პირადად ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა, რადგან სამართლებრივი საკითხების ინსინუაციები თავშივე განწირულია, მათზე აყოლაც არასწორია.

„სამართლებრივი საკითხების პოლიტიზირების მცდელობას ყველანაირად უნდა შევეწინააღმდეგოთ და ეს არის ტაქტიკა, რომ სისხლის სამართლის საქმის, ბრალის და სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს და ამით მთავარ საკითხზე ყურადღება მოდუნდეს. ბრალი არის წარდგენილი და ეს არის სამართლებრივი პროცესი. სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკური განცხადებებით და ინსინუაციებით საქართველოში მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა ჯერ არავის გამოსვლია. მნიშვნელოვანია ყველა კონცენტრირდეს სამართლებრივ საკითხებზე. ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ჩვენებები, აღიარებები, ამას სჭირდება პასუხები და არა სხვა პოლიტიკური ინსინუაციები. სხვა პასუხი გარდა იმისა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არის საჭირო სამართლებრივ პროცესში და არა პოლიტიკური ინსინუაციები, არ მაქვს.

მართლმსაჯულება თავის საქმეს აკეთებს და სამართლებრივ საკითხებს სჭირდება სამართლებრივი პასუხები, მით უმეტეს, ძალიან არასწორია, როდესაც ისეთ პოლიტიკურ ინსინუაციებში შესვლა ხდება, რომელიც ცდება არამხოლოდ რეალობას, არამედ არასწორიც არის, როცა საუბარია ადამიანზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ადამიანმა მძიმე ცოდვები დაიდო, ცილი დასწამა [ხელისუფლებას] და თავი მოიკლა. ვინმე კეთილისმსურველი ჰყავდეს ეჭვი მეპარება. ის ადამიანები, რომლებიც მას და მის სიტყვებს იყენებენ, როგორც იარაღს, სწორედ ისინი არიან მისი ყველაზე დიდი მტრები. ადამიანი ასეთი დამძიმებული წავიდა და მნიშვნელოვანია, რომ თუ კი რაიმეს სცემენ პატივს, ამ ადამიანის სული მოასვენონ. ადამიანმა ჩაიდინა უდიდესი ცოდვა, მათ შორის საკუთარი თავის წინააღმდეგ და ჯობს მოასვენონ ადამიანის სული, მით უმეტეს , მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ ხდება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულაცია. ყველამ იცის ამ საქმის გარემოებები და ცდილობენ მედიასთან ერთად, რომ აიტაცონ ეს თემა. გარდაცვლილი ადამიანის ბოდვის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის მორალურ ზღვარს მიღმაა. აქ არის ადამიანურ სტანდარტებზე საუბარი ყველამ ყველაფერი იცის, ყველა ყველაფერს ხვდება და ყველამ იცის, რომ ეს არის ბოდვა, მაგრამ ამ ბოდვის ტირაჟირებას ახდენდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ რაღაც კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი.

ქართული მართლმსაჯულება აჩვენებს ერთ რამეს, რომ მართლმსაჯულება ძალიან მშვიდად მიყვება სამართლებრივ პროცესს და არ აძლევს არავის საშუალებას, რომ გაუფანტოს მას აზრები და გადაიყვანოს ის პოლიტიკურ პროცესში. ეს სამართლებრივი პროცესია და ობიექტურად დგება განაჩენები, რომელიც არაერთხელ გადამოწმებულა სტრასბურგის სასამართლოში და საქართველოს მართლმსაჯულებას ყოველ ჯერზე დაუდასტურებია, რომ ის პროფესიონალურად და სამართლიანად მოქმედებს.

ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თავშივეა განწირული პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა. ვის არ უცდია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხებიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკური ინსინუაციებით. სავსე გვაქვს მსგავსი მაგალითებით და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამას შედეგი არ აქვს. რადგან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი. ამიტომ მშვიდად უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს და ის ობიექტურად განსჯის და მიიღებს გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: მოექცა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ბრალი საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი, თუმცა საბოლოოდ მაინც მისი გაკეთებული საქმეებიდან გახდება ცხადი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ის ბრალი, რაც მას აღიარებული აქვს უკვე და ის, რაც მას წაყენებული აქვს, საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც ისინი ხელს უწყობენ, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, ეს საქმეები კითხვებს ბადებს. საქმეები წარმოაჩენს ადამიანს და დღეს ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რადგან ბოდვები ხდება პოლიტიკური განხილვის საკითხი. ეს უხარიათ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, რომ ასეთ ბოდვებზე იხარჯება პოლიტიკური დისკუსიის დრო. მთავარი არის საქმე და ის, ვინც არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი თავისი საქმით უნდა ამტკიცებდეს, რომ მტრის წისქვილზე წყალს არ ასხამს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კიდევ ერთი წერილი, რომლითაც ხელისუფლება მის მიმართ “დაუნდობელ პოლიტიკურ დევნაში” მორიგ ჯერზე დაადანაშაულა, ასევე, აღნიშნა, რომ “ოცნების” არაერთი წევრის პოზიცია მოისმინა, თუმცა მხოლოდ შალვა პაპუაშვილს უპასუხებს: “ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე, ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან - მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!” - წერდა ღარიბაშვილი მის მორიგ წერილში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა