შალვა პაპუაშვილი - იქნება ვიზიტი ბელგია-ლუქსემბურგში, ვიზა მაქვს - ვფიქრობთ, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, რათა ვაჩვენოთ, რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უახლოეს მომავალში ბელგიასა და ლუქსემბურგს ეწვევა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია შესული, ამიტომ ვიზიტის მიზანი იქნება, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სიმართლე მიიტანოს, როცა ბრიუსელი „ფლირტის როლის მორგებასა და ცრუ ნარატივების მოხვევას ცდილობს საქართველოსთან დაკავშირებით“.

„არსებობს მცდელობა, რომ წარმოადგინონ, თითქოს ევროპა საქართველოს მტერია, ჩვენ ეს არასდროს გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ჯგუფებზე. არის თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა საქართველოში ძალადობის დაფინანსება? ის, რომ ევროპული ფონდებიდან იხარჯებოდა თანხა, ამ ფულს კი განკარგავს ბრიუსელი და ევროპარლამენტის წევრები, ჩახედეთ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მმართველ საბჭოს წევრებს, ვინ არიან? არიან რადიკალი ევროპარლამენტარები, რომლებიც დიქტატორი სააკაშვილის მოკავშირეები არიან.

რაც შეეხება ლუქსემბურგში ვიზიტებს, იქნება ბევრი ვიზიტი. სამწუხაროდ, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია, საკუთარი თავის, ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა და ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. ამიტომ, ჩვენ გვინდა ბრიუსელს დავეხმაროთ ამ ჩიხიდან გამოსვლაში.

ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი აზიანებს ევროპის ინტერესებს, რადგან კონფრონტაციის პოლიტიკა აქვს არჩეული კანდიდატ ქვეყანასთან, იმ ქვეყანასთან, რომელიც ევროკავშირისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურად მნიშვნელოვანია, რომ წევრად ჰყავდეს, როდესაც ჩვენ სატრანსპორტო გზებზე, სტრატეგიულ ამოცანებზე ვსაუბრობთ და ა.შ. ანუ, ბრიუსელის ბიუროკრატია თავისი პოლიტიკით დღეს ევროპასა და ევროკავშირს აზიანებს. ჩვენ გვინდა, რომ ბრიუსელს დავეხმაროთ ამ პოლიტიკის შეცვლაში. ვინაიდან ისინი თავად არიან საკუთარი ილუზიების ტყვე და ვხედავთ, რომ აგრესიულ რიტორიკას აგრესიული რიტორიკა მოჰყვება და არ ჩერდება, ვფიქრობთ, წევრ ქვეყნებთან გვქონდეს დიალოგი, რათა ჩვენი არგუმენტები ვაჩვენოთ თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელი, რომელიც მათ ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო ინტერესებით უნდა მოქმედებდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს კონკრეტული წევრი ქვეყნის თუ ევროკავშირის ინტერესებს. ამგვარი ვიზიტების მიზანია, გავარღვიოთ ის სიცრუის ნარატივი, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს საქართველოსთან დაკავშირებით დაამკვიდროს, გუშინდელი განცხადებაც ამის მოწმეა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, თუ ვინმესთვის გაუგებარია თუ რა არის საქართველოს ინტერესები, მზად არიან, რომ ყველას აუხსნან.

„ეს ვიზიტი არის ბელგია-ლუქსემბურგში. ჩვენ არაფერი აგვირევია, რომ დასალაგებელი გვქონდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენი შეთავაზებაა ყველას მიმართ, რომ მზად ვართ ავუხსნათ, თუკი ვინმესთვის გაუგებარია, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები, რომ რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ინტერესი არ არის. ეს შეიძლება იყოს გერმანიისა თუ ლიტვის ინტერესი, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს საქართველო, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ინტერესი და ბოდიში ყველასთან, მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს. ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ სიმართლე მივიტანოთ, როდესაც ბრიუსელი ცდილობს ფილტრის როლი ითამაშოს და ცრუ ნარატივები მოახვიოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

მოქმედი ვიზა მაქვს, ამიტომ აღება არ დამჭირდა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა