ვანო მაჭავარიანი - ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი წერილი რუტინულია, ეს არის შაბლონი, რაც შეეხება პაპუაშვილს, იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, თანამდებობა რომ არ ჰქონდეს, ალბათ, სერიოზულად არავინ აღიქვამდა

იმ მძიმე ფონზე, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებენ საფრანგეთის ჯაშუშობას, ირაკლი კობახიძისთვის მაკრონთან დაახლოება, პირდაპირ შეიძლება გადაითარგმნოს, რომ ის ანაცვლებს ირაკლი ღარიბაშვილს „საფრანგეთის ჯაშუშობაში”, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ვანო მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც შეაფასა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძესა და ემანუელ მაკრონს ახლო ურთიერთობები არ ახასიათებთ და მისადმი გაგზავნილი წერილი არის „რუტინული წერილი“.

„დარწმუნებული ვარ, წარმოდგენა არ აქვს რაზეა საუბარი, მით უმეტეს, საქართველოს ფაქტობრივად მეცნიერება დაყვანილი აქვს ფორმალურ დონეზე. კვლევები, ყველა მეცნიერი ვინც კი ამ სფეროში მუშაობს, ფაქტობრივად, ქვეყნიდანაა გასული. სერიოზულად რომ ვილაპარაკოთ - ასეთ დროს მოდის რუტინული წერილი. შეიძლება დღევანდელი „ქართული ოცნების“ მთავრობა არ მოსწონთ, მაგრამ, როგორც წესი, ეს წერილი, რუტინულად, ყველა ქვეყანაში იგზავნება, რომელიც ამ კონკრეტული ორგანიზაციის, ამ კონკრეტული კონფერენციის ინიციატივის წევრია. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. არაერთი მცდელობა ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ირაკლი კობახიძესთან საუბრის, იმ თემებზე, რომელზეც მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში საუბრობენ, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ნორმალური ევროპული განვითარების გზას, რომელზეც საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა. თუ დააკვირდებით, ეს [ემანუელ მაკრონის მიწვევა] კიდევ ერთი ჟესტია, მცდელობა ჩვენი ევროპელი კოლეგების თუ პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოში დააბრუნონ პოლიტიკა. კანონები, რომელიც მიღებულია, პოლიტპატიმრები, პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მოკლა. ეს მცდელობაა, რომ კიდევ შეახსენონ, მათ შორის მაკრონი ამ თვალსაზრისით საკმაოდ აქტიურია ხოლმე, რომ საქართველოს კიდევ აქვს შესაძლებლობა ამ მძიმე გეოპოლიტიკურ ფონზე, რაც არსებობს რეგიონში, ირანი, უკრაინა იქნება თუ სხვა, რომ ისევ დაბრუნდეს ამ ურთიერთობებში, რაც რეალურად, „ქართული ოცნების“ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენიმე ადამიანის. საერთო ჯამში, მოსახლეობის უმეტესობა ითხოვს ამას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მომხრეებიც. ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილი წერილი არის შაბლონი, თქვენ რომ ახლა აიღოთ სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოწვევა, შემიძლია გითხრათ, რომ ტექსტი იქნება იდენტური. როცა გვქონდა სამიტები, ზუსტად იგივე ტერმინები იყო. ეს არის პროტოკოლი დიპლომატიური ურთიერთობის მიმართ. აქ არაფერი პირადული არაა. ეს არის ჩვეულებრივი შაბლონი, რომელიც პრეზიდენტთან შედის ხელმოსაწერად.

აქ არის ერთი ნიუანსი - ზოგადად, პრეზიდენტი ყოველთვის მიმართავს პრეზიდენტს, იმიტომ, რომ ითვლება, სახელმწიფო მეთაურმა უნდა მიმართოს სახელმწიფო მეთაურს. ისიც ჩარევაა ქართული მხრიდან, რომ მასპინძელი ქვეყანა კითხულობს ხოლმე ვის მიმართოს, აქაც პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მიდის. თუ შეუძლია ყაველაშვილს წაიკითხოს ტექსტი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრიც ხომ არ არის სპეციალისტი კოსმოსურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით? - მასაც იმავეს დაუწერენ ადმინისტრაციაში. ეს იყო წინასწარ მოთხოვნილი, რომ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. არ ახასიათებთ პრემიერ-მინისტრს და ემანუელ მაკრონს ახლო ურთიერთობები. ის არ არის მისი მეგობარი. ეს აჩვენა არაერთხელ იმ შეხვედრამ, რომელიც ვნახეთ. მსგავსი შესაძლებლობა საფრანგეთის პრეზიდენტმა და სხვებმა ირაკლი კობახიძეს არაერთხელ მისცეს. იმ მძიმე ფონზე, როცა ყოფილ პრემიერ-მინისტრს აბრალებენ საფრანგეთის ჯაშუშობას, ირაკლი კობახიძისთვის მაკრონთან დაახლოება, პირდაპირ შეიძლება გადაითარგმნოს, რომ ის ანაცვლებს ღარიბაშვილს „საფრანგეთის ჯაშუშობაში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მან გადაცემაში სტუმრობისას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ის წერილიც შეაფასა, სადაც პაპუაშვილს ევროკავშირს მიმართავს და მოუწოდებს, “შეწყვიტოს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა”. მაჭავარიანის შეფასებით, „პაპუაშვილი იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, რომ არ ჰქონდეს თანამდებობა, ალბათ, სერიოზულად არავინ აღიქვამდა“.

„რა იბოდიალა, რა ჩიხშია შესული, რა უნდა შეცვალოს, ვინ ელაპარაკება, რა გაუკეთებია ასეთი? ეტყობა ამაში რაღაც დამატებით ბონუსებს იღებს. ნებისმიერ ურთიერთობაში, კომპრომისული ნაბიჯებია მნიშვნელოვანი. შენ შეაჩერე მოლაპარაკებების ეს პროცესი, ევროკავშირს პროცესი არ შეუჩერებია. იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, რომ არ ჰქონდეს თანამდებობა, ალბათ, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. რაც შეეხება ისლანდიის თემას [ისლანდიის მოსახლეობამ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმით უარი თქვა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე], არის რიგი ეკონომიკური საკითხები, პირველ რიგში, თევზჭერა, აქ სხვა თემები შემოდის, არ შემოდის ღირებულებების, დემოკრატიული მმართველობის თემა. როგორ ფიქრობთ ისლანდიას დემოკრატიული პრობლემები აქვს? ასე კი არ დადიან შავი მანქანებით და ოცი დაცვით. პრემიერ-მინისტრებსა და მინისტრებს შეხვდებით ველოსიპედებით. აქ სუფთა ეკონომიკური თევზჭერისა თუ სხვა საკითხებია და არა პოლიტიკური საკითხები. ამ ბოდვას შემოაგდებენ ხოლმე. ახლა ერთი გამოაკლდათ მდინარაძე, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, დარჩნენ სხვა ე.წ. ბოდვის ქორებს და ჩვენ ამას უნდა განვიხილავდეთ. რეალური შინაარსობრივი საკითხი კი არის ის, თუ რამდენად წინ წავიდა ქვეყანა თავისი განვითარების კუთხით და როდის აღდგება ბალანსი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოების კუთხით. ასევე ევროკავშირთან თუ რეგიონულ მეზობლებთან, ამერიკასთან ურთიერთობის მიმართულებით. ხომ ვხედავთ მასობრივად რუსების ჩასახლებას, ეკონომიკურ, ფინანსურად, ბიზნესურად ხომ მიბმულები ვართ, ბრმა უნდა იყო რომ ვერ ხედავდე, რომ ღირებულებებით, ფინანსებით, ეკონომიკით, პოლიტიკური ფასეულობები და გამონათქვამები, ერთი ერთში არის რუსეთის და „ქართული ოცნების“. ეს არის, რასაც პაპუაშვილი ემსახურება. ვერ ხვდება ამას რომ აკეთებს ამ განცხადებებით? ბრიუსელთან საქმეს არჩევს და რუსეთთან არ არის საქმე გასარჩევი?“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა