თაზო დათუნაშვილი - აღებ-მიცემობა და კორუფცია არ გაქრება იქამდე, ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს - ამ ამბავს ღარიბაშვილის და ბურჭულაძის დაჭერა არ უშველის, როდესაც გყავს პატარაძე და კალაძე

აღებ-მიცემობა და კორუფცია არ გაქრება იქამდე, ვიდრე ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს - ამ ამბავს ღარიბაშვილის და ბურჭულაძის დაჭერა არ უშველის, როდესაც გყავს პატარაძე და კალაძე, - ასე ეხმაურება პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ქონების გასხვისება ხშირ შემთხვევაში კონკურენციის გარეშე, მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს.

დათუნაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მმართველობითი სისტემა, სადაც აღებ-მიცემობის გარეშე სისტემის „დაჭერა“ შეუძლებელია.

„ქართული ოცნება“ უდრის კორუფციას, პროპაგანდას და შიშის მანქანას. კორუფციის გარეშე „ქართული ოცნების“ მმართველობითი სისტემა არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილმა შექმნა მმართველობითი სისტემა, სადაც აღებ-მიცემობის გარეშე სისტემის „დაჭერა“ შეუძლებელია. შესაბამისად, კარგად ვხედავთ აღებ-მიცემობას - როგორ ხდება სახელმწიფო მიწის, ჩვენი ქონების, ჩვენი საერთო სიკეთის გადაცემა ძმაკაცებზე, მილიონ 400 ათასი ლარის შემომწირველებზე, მათთან დაახლოებულ ჯიბის ბიზნესმენებზე.

აჭარის შემთხვევაში მიწები გასხვისებულია ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული მაღალჩინოსნებთან ან პარტიასთან. შესაბამისად, ეს აღებ-მიცემობა და კორუფცია არ გაქრება მანამ, სანამ ქვეყანას „ქართული ოცნება“ მართავს. ამ ამბავს ღარიბაშვილის და ბურჭულაძის დაჭერა არ უშველის, როდესაც გყავს პატარიძე და კალაძე. აჭარაში რიჟვაძე პატარაძემ ჩაანაცვლა. პატარაძე კორუფციონერი არ არის? - რა თქმა უნდა, ისიც კორუფციონერია!

„ქოცი“ და ივანიშვილი უდრის კორუფციას, სახელმწიფოს ღლეტას და ქვეყნის გაღარიბებას ყოველდღიურად - ერთადერთი გამოსავალი მისი მოშორებაა“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა