„ძლიერი საქართველო - ლელო“ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების გამოძიებას ითხოვს

ბათუმის საკრებულოში „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი ვაჟა დარჩია ზვიად გამსახურდიას ქუჩა №12-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების კანონიერების შესწავლას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო - ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვაჟა დარჩიამ დღეს წერილით მიმართა ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მერიას და ყველა ტიპის დოკუმენტაციის გადმოცემა მოითხოვა, რომელიც აღნიშნულ ძეგლთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არის შეთანხმებული.

ვაჟა დარჩიას თქმით, დოკუმენტაციის შესწავლა აუცილებელია იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება მიმდინარე სამუშაოები კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

„ჩვენ დღეს წერილით მივმართეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს და ვითხოვთ, რომ გადმოგვეცეს ყველა ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც შეთანხმებულია სააგენტოსთან გამსახურდიას #12-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით. გვინდა, ამ დოკუმენტაციის საფუძველზე ვნახოთ, რამდენად კანონიერად მიმდინარეობს სამუშაოები. აღნიშნული ძეგლი ეროვნული მნიშვნელობის მქონე მემკვიდრეობაა და აუცილებელია, საზოგადოების კითხვებს გაეცეს პასუხი“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

მისი თქმით, საკითხის შესწავლის მოთხოვნით ბათუმის საკრებულოსაც მიმართავენ და დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.

დარჩიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფმა უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება ძეგლზე უკვე ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები მოქმედ კანონმდებლობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოთხოვნებს.

„ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მე-19 საუკუნეში აშენებული შემნახველი სალაროს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შენობის ფასადზე სარესტავრაციო და სამღებრო სამუშაოები დაიწყო. „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამუშაოების შედეგად შენობის პირვანდელი იერსახის ცვლილებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ძეგლზე ფასადის სამღებრო სამუშაოების განხორციელების ნებართვა გაცემული არ ყოფილა.

ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ საკითხზე სრული სურათის მისაღებად აუცილებელია როგორც შეთანხმებული დოკუმენტაციის გასაჯაროება, ისე საკრებულოს დონეზე სამუშაოების კანონიერების შესწავლა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა