ნიკოლოზ სამხარაძე - დიდი ხანია ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს იმიჯის შელახვას ისახავს მიზნად - უკეთესი იქნება თუ ამ პოზიციებს გადახედავენ

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს იმიჯის შელახვას და არარსებულ, გამოგონილ აღქმებზე დაფუძნებით კონკრეტული განცხადებების კეთებას ისახავს მიზნად - უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, თუ ამ პოზიციებს გადახედავენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, მიშელ სერვონე დ’ურსოს განცხადებას გამოეხმაურა.

სამხარაძის თქმით, როდესაც ადამიანი - სულ ერთია, ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება ის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ ავსტრალიის - ამტკიცებს, რომ შავი არის თეთრი, ეს მიუღებელია.

„სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია ვაკვირდებით პროცესს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს იმიჯის შელახვას და არარსებულ, გამოგონილ აღქმებზე დაფუძნებით კონკრეტული განცხადებების კეთებას ისახავს მიზნად. არაერთხელ განგვიცხადებია და ახლაც ვაცხადებთ: თუ ვინმეს რაიმე სამართლებრივი შენიშვნა აქვს იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ამ ბატონის გამოსვლაში იყო ნახსენები, მზად ვართ დავსხდეთ და სამართლებრივად, მათთან ერთად განვიხილოთ თითოეული ნორმა, რაც ამ კანონშია გაწერილი. ეს შეთავაზება პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში გააკეთა, თუმცა მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ამ ინიციატივას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ეს არ ყოფილა ერთჯერადი შეთავაზება, ამის შემდეგაც რამდენჯერმე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დავსხდეთ და კანონზე ვისაუბროთ.

მეორე საკითხი, რაც აქციებს ეხება - ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროკავშირშიც, რომ 2024 წლის ნოემბრის აქციები არ ყოფილა მშვიდობიანი. ამის ვიდეომტკიცებულებები და ჩანაწერები არსებობს. ეს ყველაფერი ევროკავშირშიც აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯიუტად ამტკიცებენ, თითქოს ეს მშვიდობიანი აქციები იყო.

როდესაც რომელიმე ადამიანი - სულ ერთია, ევროკავშირის წარმომადგენელი იქნება ის, ჩინეთის, ამერიკის შეერთებული შტატების თუ ავსტრალიის - ამტკიცებს, რომ შავი არის თეთრი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. ამიტომ უკეთესი იქნება როგორც მათთვის, ისე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის, თუ ამ პოზიციას გადახედავენ: ერთი მხრივ, დაგვთანხმდებიან, რომ დავსხდეთ და სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი, ხოლო მეორე მხრივ, დაგვთანხმდებიან უტყუარ ფაქტზე, რომ ის აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, გაეროში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, მიშელ სერვონე დ’ურსომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, „გაუქმდეს ან გადაიხედოს კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს“.

მისივე თქმით, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ სასამართლო სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებით და რეპრესიული ზომების მიღებით.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა