ვიქტორ ყიფიანი - ოპოზიციურ ფლანგზე სილამაზის კონკურსი უნდა დასრულდეს, გამოსავალი იქნებოდა არა ვინ ვის ჯობია, არამედ ვის ირგვლივ შეიძლება გაერთიანება -  სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში მეტი მასალა მექნება ერთობაზე, რომელიც იდეის ირგვლივ შეიქმნება

ოპოზიციურ ფლანგზე ეს სილამაზის კონკურსი უნდა დასრულდეს. ჩვენი ინიციატივა არის რეცეპტი, საშუალება, რომ ეს გაშეშებული პოლიტიკური კადრი ამოძრავდეს, პოლიტიკური აზრი მოვიდეს მოძრაობაში , - ამის შესახებ “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ყიფიანმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” მისი პოლიტიკური მოძრაობის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თავისუფალი არჩევნების გარშემო გაერთიანებას გულისხმობს.

ყიფიანის თქმით, მათ კონსულტაციების ჰქონდათ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტთან, თუმცა სასაუბრო ჯერ კიდევ არ არის ამოწურული.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ეს სილამაზის კონკურსი უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩეველი დაბნეულია, პოდიუმზე ხან ერთი გამოდის და ხან მეორე, არჩევანი კი ვერა და ვერ კეთდება ვერც სილამაზის, ვერც სიგამხდრის ან სიმაღლის მიხედვით, ამიტომაც ჩავთვალეთ, რომ ეს მოწოდება - არა “ვინ”, არამედ “რა” არის უბრალოდ მოსაწონ-დასაწუნი, არამედ რეცეპტი, საშუალება, რომ ეს გაშეშებული პოლიტიკური კადრი ამოძრავდეს, პოლიტიკური აზრი მოვიდეს მოძრაობაში და ეს არის სწორედ ის ნიადაგი, რის საფუძველზეც არა “ვინ ვის ჯობია”, არამედ “ვის ირგვლივ შეიძლება გაერთიანება” იქნებოდა ყველაზე საუკეთესო გამოსავალი.

არის გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხის ირგვლივ. ზოგი შედარებით უფრო რთულად მოდის ამ კომუნიკაციაში, ზოგი უფრო მარტივად შემოვიდა. მეტი სირთულე აქვს იმ პარტიებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ არჩევნებში ნებისმიერ ფასად უნდა შევიდნენ და გარკვეულწილად ესენი არიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, რომ მათთან სასაუბრო ჯერ არ არის ამოწურული.

ჩვენ ვმსჯელობთ ლოგიკურად - ერთის მხრივ არის ბოიკოტის მოწოდება, რაც, ვფიქრობთ, რომ უპერსპექტივოა იმიტომ, რომ თუ ბოიკოტი, მაშინ რა? “ჯერ საქართველო” არ მალავს თავის დამოკიდებულებას, რომ ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს პოლიტიკის ქმნის შედეგად და არა სხვა პროცესების შედეგად. სხვა პროცესები შეიძლება იყოს დამხმარე, ხელშემწყობი, მაგრამ არა გადამწყვეტი და მეორეს მხრივ, არის ნებისმიერი არჩევნები, ოღონდ საარჩევნო თარიღს ემთხვეოდეს, რომელშიც შენ შედიხარ იმ პროცესში, სადაც წესები არის მანკიერი, მახინჯი, ამოტრიალებული და, შესაბამისად, საარჩევნო ბუღალტერია იმთავითვე შედეგს გკარნახობს. ვფიქრობ, რომ ეს მეორე ვარიანტი თავიდანვე საკუთარი თავის გაწირვაა, რომ დამარცხდები.

ამან, გარკვეულწილად, უპერსპექტივობის განცდაც დაბადა და რატომ უნდა გააღვივო შენ არჩევნების შედეგად ეს უიმედობის განცდა, როცა შეგიძლია არჩევნები [მიიღო] რეალური არჩევნების სახით, რომლებიც კონკრეტულ წესებზე, სამართლიანობასა და ობიექტურობაზე იქნება დაფუძნებული. ეს იქნება ძალიან მაღალი და საპატიო პოლიტიკური თამასა. ალბათ, ასეთ შემთხვევაში აზრი ექნება არჩევნებს.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, მათთან დიალოგი ჯერ დასრულებული არ არის. ჯერ გარკვეული მოთელვა მოხდა. სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბერში უფრო მეტი ფაქტობრივი მასალა მექნება ამ ერთობაზე, რომელიც იდეის ირგვლივ შეიქმნება. [მსხვილი ოპოზიციური სუბიექტების გარდა] არიან სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, რომლებსაც ამ მხრივ რაციონალური აღქმის უნარი უფრო ადრეულ ეტაპზე აღმოაჩნდათ”, - განაცხადა ყიფიანმა.

კითხვაზე, არის თუ არა რაიმე წინაპირობა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არჩევნებზე მოლაპარაკების რესურსი არსებობდეს, ყიფიანმა უპასუხა, რომ თუ თავისუფალი არჩევნების იდეის ირგვლივ უმრავლესობა გაერთიანდება, “ქართული ოცნება” იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს.

“თუ “ქართული ოცნება” ვერ დაინახავს, რომ ჩვენ ამ იდეის ირგვლივ ვართ უმრავლესობაში, ხოლო მმართველი პარტია არის უმცირესობაში, სხვაგვარად დიალოგი და კომუნიკაცია არის წარმოუდგენელი. როდესაც ძალა შენკენ არის და ეს ძალა არ არის მხოლოდ არითმეტიკული, არამედ საქმითა და სიმართლით დამტკიცებული ძალა, ბუნებრივია, მე ვერ დავუშვებ ისეთ განვითარებას, რომ ხვალინდელი დღის პერსპექტივამ თუნდაც “ქართული ოცნების” გადმოსახედიდან არ აიძულოს, რომ დასხდნენ, ისაუბრონ და მივიდეთ რაღაც კომპრომისამდე”, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა