სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღებამ აიძულა უცხოური აგენტურა მოქცეულიყვნენ კანონის ჩარჩოებში და საბოლოოდ, კანონის ჩარჩოების ოპოზიცია არის დასუსტებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
„ჩვენ ამომრჩეველს მივეცით დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ გავანეიტრალებდით უცხოურ აგენტურას ჩვენს ქვეყანაში და ამ დაპირებას რეალურად ვასრულებთ. ეს პროცესები, რაც ვითარდება მათ შორის შიდა დაპირისპირება, არის იმ პროცესების გაგრძელება, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა, უფრო სწორად, მათმა პატრონებმა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე შესაბამისი პოლიტიკოსები. ეს არ არის არავითარი ოპოზიცია, სინამდვილეში ეს არის უცხოური აგენტურა. უცხოური აგენტურა დღეს საქართველოში არის დასუსტებული და ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს იმ ნაბიჯებმა, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯი „გამჭვირვალობის შესახებ” კანონმდებლობის მიღება, „გრანტების შესახებ“ კანონის მიღება, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღება, ასევე, შეკრებების საკითხის სწორად მოწესრიგება და ა.შ. ამ ყველაფერმა აიძულა უცხოური აგენტურა მოქცეულიყვნენ კანონის ჩარჩოებში და საბოლოოდ, კანონის ჩარჩოების ოპოზიცია არის დასუსტებული.
ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ კონსტიტუციური სარჩელის მნიშვნელობას - ჩვენ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული იყოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეესატყვისება სახელმწიფოებრივ ინტერესებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.