სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები, - ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება, რომ „კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები გაწყვიტონ“.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსგავსი მოწოდებები ღიმილის მომგვრელი და მიუღებელია.
„ეს ეტყობა ახალი კრიტერიუმია, რომელიც კანდიდატი ქვეყნებისთვის სახელდება. ღიმილის მომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ასე მოიქცნენ. ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები. დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც გლობალურ პოლიტიკაში როლს ასრულებს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას მართავს. შესაბამისად, მათთან კავშირების გაწყვეტა სასაცილო და ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამის საკითხისა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში საქართველოს მონაწილეობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ საქართველო სამიტის ფარგლებში მიღებულ დეკლარაციებს შეუერთდება.
„დღეს ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ის შესაძლებლობები, რაც დიდ ქვეყნებს აქვთ. მნიშვნელოვანია ის მიდგომა, რაც დღესაც გაჟღერდა, რომ თანაბრად იყოს უფლებები განაწილებული. ეს ეკუთვნის ყველა სახელმწიფოს და არ არის ერთი ან ორი სახელმწიფოს საკუთრება ის, რაც დღეს კოსმოსში ხდება და რაც ასევე მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ დისკუსიების ნაწილი. საქართველო მოწვეული არის იმ პლატფორმაზე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ქმნის. საფრანგეთის ინიციატივით ხდება ამ პლატფორმის შექმნა. მნიშვნელოვანია ის განხილვები, რაც ამ ღონისძიებას მოჰყვება. დღეს აქ სამი დეკლარაცია იქნება მიღებული, საქართველო სამივე დეკლარაციას შეუერთდება. ეს არის ერთგვარი საწყისი საკითხი კოსმოსზე თანამშრომლობის გლობალურ დონეზე, რომლის მონაწილეც არის ევროკავშირი“,-განაცხადა ბოჭორიშვილმა.