იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
მისივე თქმით, მარტა კოსის ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად, სადაც ოქტომბერში არჩევნები იმართება.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს განცხადება არის სერბეთის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა.
“ნუ, სასაცილოა უკვე. როდესაც ქვეყნები ევროკავშირის წევრებიც არ არიან, კანდიდატები არიან, სუვერენული ქვეყნები არიან და ცდილობენ, მათ საგარეო პოლიტიკასთან და საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით პირდაპირ ულტიმატუმები დაუყენონ. ჯერ იყო ჩინეთი, ახლა ჩინეთს მიაყოლეს ამერიკის შეერთებული შტატები. იმდენად არაკვალიფიციურია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, მათ შორის, გაფართოების მიმართულებით, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად ვეღარ ვუყურებთ იმ განცხადებებს, რომლებიც ამ მიმართულებით გვესმის. ეს განცხადება ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საჯაროდ მოუწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ. ამის შემდეგ როგორ შეიძლება რაიმენაირად სერიოზულად აღვიქვათ.
ეს განცხადება გაკეთდა განსაკუთრებით სერბეთის გასაგონად, სადაც მალე იმართება კონფერენცია, რომელიც მათ შორის, ამ მოძრაობის მონაწილეობთ იქნება. სერბეთში დანიშნულია ოქტომბერში არჩევნები და ეს სიგნალიც არის არჩევნებში ჩარევის ერთ-ერთი მცდელობა. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება სერბეთის არჩევნებში ჩარევის სხვა მცდელობები ბრიუსელის მხრიდან, ისევე როგორც ადგილი ჰქონდა ჩარევის მცდელობებს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება, მათ შორის, ეს არის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის და ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემა, რასაც პირდაპირ თელავს დღევანდელი ბრიუსელი, იმით რომ პირდაპირ ერევა არჩევნებში. 2024 წლის არჩევნები არის ყველზე კარგი მაგალითი, სადაც უხეშად, თვითონ რომ უყვართ ხოლმე თქმა, რუსული მეთოდებით ჩაერივნენ საქართველოს არჩევნებში,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დონალდ ტრამპის მოძრაობა MAGA-სთან კავშირები უნდა გაწყვიტონ.
„არ უნდა გავრისკოთ ის, რომ ჩვენმა მომავალმა წევრებმა სხვებზე ისეთი დამოკიდებულებები შეიქმნან, რომელიც ჩვენს გრძელვადიან ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება“, - განაცხადა კოსმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.