ნინო დოლიძე - გუშინ ვნახეთ, რომ ხალხის რეაქციის შემდეგ, პროპაგანდამ ნარატივი შემოატრიალა - „ოცნების“ მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით ენის ცვლილებას აქვს ადგილი, რაღაცას ტესტავენ, მაგრამ საზოგადოების რეაქციის მერე უკან იხევენ

წარმოუდგენელი მგონია ადამიანის თუნდაც ადმინისტრაციული დაჯარიმება ბილწსიტყვაობის გამო - “ქართული ოცნების“ მიზანი და გეგმაა, რომ ქვეყანაში აღარ ისმოდეს მათი კრიტიკა. რეალურად, მათთვის სიძულვილის აღმოფხვრა საერთოდ არ არის მიზანი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ განაცხადა, რითაც სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გამოეხმაურა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, „სოციალურ ქსელში როგორც სიძულვილის, ასევე შუღლის გაღვივება, პირიქით, „ქართული ოცნების“ ხელწერაა“.

„ზოგადად, სიძულვილის ენის ასეთი ინტერპრეტაცია, ბილწსიტყვაობაში ყველაფრის გაყვანა, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და საქართველოს კონსტიტუციას. სიძულვილის ენას თავისი სოციალური დეფინიცია გააჩნია - შუღლის გაღვივება, ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ენა. რასაც ჩვენ ვხედავთ სააგენტოს მხრიდან ბილწსიტყვაობასთან დაკავშირებით ადამიანების დაჯარიმების სახით, ეს აბსოლუტურად ცდება გამოხატვის თავისუფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და მგონია, რომ ეს არის წარმოუდგენელი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ასევე, ადამიანის უფლებების საერთაშორისო ნორმებს. თავად ამის ფუნქციონირება პრობლემაა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თავად თორნიკემაც თქვა, რომ თუ ეს ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით იქნებოდა, მაშინ სხვა მუხლით იქნებოდა წარმოებული და ამიტომაც ამბობს, რომ ეს ეხება რუსი პროპაგანდისტის მიმართ გამოყენებულ სიტყვებს. ჩემთვის თავად შემთხვევაა პრობლემური. სულერთია, ვის მიმართ იქნებოდა გამოყენებული. წარმოუდგენელი მგონია ადამიანის თუნდაც ადმინისტრაციული დაჯარიმება ბილწსიტყვაობის გამო, მაგრამ მიუღებელია, როცა შემოდის რუსი პროპაგანდისტი, მტრული სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელიც მუდმივად საქართველოს დისკრედიტაციას ეწევა. ამ შემთხვევაშიც მოვისმინეთ აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადება ქართველი მეფისადმი და არამხოლოდ ეს, მგონი ახლანდელ ხელისუფლებასაც გულისხმობს.

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, ცდილობს რუსეთთან დაკავშირებით ენის შეცვლას. თავიდან, რა თქმა უნდა, ეს იყო შეუძლებელი. საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხრიდან ითქვას, რომ რუსულია, ეს არის პოლიტიკური სუიციდი. “პრორუსული ვარ” - ამას საქართველოში პოლიტიკური პარტია ღიად ვერ ამბობს, ვერც „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ იცის ხალხის რეაქციები ე.წ. გავრილოვის ღამიდან მოყოლებული და ა.შ. ამიტომ ისინი ცდილობენ ნელ-ნელა შეარბილონ მათი მესიჯები და ნარატივები. აგვისტოში დავინახეთ „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსოფობიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომ რუსებს ნუ ვაყენებთ შეურაცხყოფას, ისინი არიან დამსვენებლები და ა.შ. ქართველი ხალხის ლეგიტიმური ბრაზი და საუბარი ოკუპაციასთან დაკავშირებით არაფრით არ შეიძლება იქნას გადაყვანილი რუსოფობიაში. რუსეთი არის ჩვენი მტერი სახელმწიფო. რუსოფობიასთან დაკავშირებული საკითხები, ერეკლე მეორესთან დაკავშირებული საკითხები, აბსოლუტურად სხვა კონტექსტით ამის წარმოჩენა, რომ ტრაქტატი დადო და სუსტი იყო, მიუღებელია. ამის გაგრძელება იყო მარგარიტა სიმონიანის მესიჯი, მუხლებზე დაჩოქილი გვევედრებოდაო. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან რუსეთთან დაკავშირებით ენის ცვლილებას. ეს არის ძალიან ცალსახა და ნათელი. ნამდვილად შესაძლოა, რომ შემდეგი ეტაპი ეს იყოს, თუნდაც რუსი პროპაგანდისტების დაცვა.

ვნახეთ, რომ გუშინ, ქართველი ხალხის რეაქცია იყო აბსოლუტურად საწინააღმდეგო და ამის გამო მოუწიათ პროპაგანდისტებს იმის თქმა, რომ თორნიკეს წინააღმდეგ დავა ირაკლი კობახიძეს ეხებოდა და არ ეხებოდა მარგარიტა სიმონიანს. პროპაგანდა ცდილობს შემოტრიალებას. „ქართული ოცნება“ ცდილობს ენის შეცვლას, შემდეგ ამას მოჰყვება ხოლმე ქართული საზოგადოების რეაქციები და მერე უკან იხევენ ხოლმე. კახეთში ქორწილიც ხომ გახსოვთ, თავიდან სხვა რეაქციები იყო და როცა დაინახეს ქართველი ხალხის რეალური ბრაზი, შემდეგ შეცვალეს ნარატივი.

ტესტავენ, გადადგამენ, შემოატრიალებენ და ა.შ. მე არ ვიცი ეს არის ამ დიდი გეგმის ერთი ნაწილი თუ არა, მაგრამ ის, რომ ცვლილება ხდება რუსეთთან დაკავშირებით, ნარატივების შერბილება, ამას ცალსახად ვხედავთ ყველა“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, „შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედი სამმართველო რეალურად ვერანაირ შედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ადამიანები უკმაყოფილოები არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკით და ეს არის მთავარი პრობლემა“

„ქართული ოცნების“ მიზანი და გეგმაა, რომ ქვეყანაში აღარ ისმოდეს მათი კრიტიკა. რეალურად, მათთვის სიძულვილის აღმოფხვრა საერთოდ არ არის მიზანი. თავად არის დეზინფორმაციის წყარო, რაც ხდება ქვეყანაში და საინფორმაციო მანიპულაციების. სოციალურ ქსელში თუ ისე, როგორც სიძულვილის, ასევე შუღლის გაღვივება თუ რაცაა, პირიქით, „ქართული ოცნების“ ხელწერაა. მათ რომ ეს სურდეთ, ამას არ გააკეთებდნენ. ეს სამმართველოა თუ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება ამ მიმართულებით გადადგმული და მიღებული, არის მათი კრიტიკის შემცირება, მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე რეალურად. გუშინ თორნიკეს ამბის შემდეგ ამან უკურეაქცია გამოიწვია. ვნახეთ, რომ ადამიანები არიან განრისხებულები სიმონიანზე და პირიქით, წერენ ასეთ სიტყვებს. ბილწსიტყვაობას გამოიყენებენ თუ არა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, განწყობები ამ ქვეყანაში არ არის შეცვლილი. ეს სამმართველო რეალურად ვერანაირ შედეგს გამოიღებს, იმიტომ, რომ ადამიანები უკმაყოფილოები არიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკით და ეს არის მთავარი პრობლემა“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა