ზურა შარაშენიძე - გუშინ ვაზანზარეთ კავკასიონი, ქედს აქეთ სიმონიანის დედის გინება ისმოდა, რითაც რუსეთს ვაჩვენეთ, რას ნიშნავს ჩვენი მეზობლობა, რაც შეეხება პარტიებს შორის კონსულტაციებს, ვსაუბრობთ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით ერთიან კამპანიაზე

„ჯერ საქართველო“ პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო ჯგუფებთან ვსაუბრობთ ერთიან ეროვნულ კამპანიაზე სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, რომ შეგვიძლია თუ არა სამართლიანი არჩევნების ირგვლივ ავწიოთ ერთიანი ფართო ეროვნული კამპანია, - ამის შესახებ პარტია „ჯერ საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ზურა შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები, ერთი თვეა დაწყებულია და „ჯერ საქართველო“ ყველას ესაუბრება - არამარტო პოლიტიკურ ძალებს, არამედ სამოქალაქო ჯგუფებსაც.

ამასთან, მან განმარტა, რომ დიალოგი არ ეხება პოლიტიკური ძალების ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ გაერთიანებას და პოლიტიკური თამაშის ერთიან წესებს.

„საუბარი დახურულ კარს მიღმა თვეზე მეტია მიდის და კარგადაც მიდის. შიგნით, კონსულტაციებზე უკვე იკვეთება პოზიტიური განწყობა ამ სამართლიანი არჩევნების, როგორც ალტერნატივის მიმართ იმიტომ, რომ ამ უაზრო დიქოტომიაში ყველა დაიღალა.

ვსაუბრობთ ერთიან ეროვნულ კამპანიაზე სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, რომ შეგვიძლია თუ არა სამართლიანი არჩევნების ირგვლივ ავწიოთ ერთიანი ფართო ეროვნული კამპანია,“- განაცხადა შარაშენიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, არსებული საარჩევნო სისტემით არანაირ არჩევნებში შესვლას აზრი არ აქვს, რადგანაც დღეს, „საარჩევნო უბნები არის ნოტარიუსი“.

გარდა ამ საკითხისა, ზურაბ შარაშენიძემ ისაუბრა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოქმედ პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე.

„ეს არის [ერთ სხეულზე არსებული] ორი ირაკლი, ორი თავი და ისინი თავიანთ თავს არ დაკბენენ. თუ დააკვირდებით, ძალიან სასაცილოა ის, რომ ბატონი ღარიბაშვილი თავის წერილებში ისევ „ქართული ოცნების“ „მესიჯ ბოქსს“ ახსენებს ანუ „დიფ სთეითი“ ისევ ფიგურირებს - როგორ, მე ვარ „დიფ სთეითის“ აგენტიო? იმას კი არ ამბობს, რომ ეს „დიფ სთეითი“ საერთოდ ჩემ თვალწინ მოიფიქრეს ან მოიგონესო. ამბობს, იმიტომ, რომ ფრანგულად ვლაპარაკობ, მე არ ვარ „დიფ სთეითის“ , საფრანგეთის აგენტიო. ზუსტად იგივე ხაზს მისდევს, რასაც პარტია.

[ღარიბაშვილი-კობახიძის დაპირისპირება] დააზიანებს „ქართულ ოცნებას“? უდავოდ დააზიანებს. ჩამოშლის? რა თქმა უნდა, არ ჩამოშლის. შეუძლია პარტიას გადაწყვიტოს ეს პრობლემა და არცერთი ირაკლის სასარგებლოდ არ გადაწყვიტოს - დიახ, გაშვებულია ირაკლი ღარიბაშვილი და გაუშვას ირაკლი კობახიძეც“ , - განაცხადა ზურა შარაშენიძემ.

მისი შეფასებით, „კობახიძის გაშვებითაც „ქართული ოცნება“ რომ გაძლიერდება, ამაზე საუბარი ფარდობითია, თუმცა „ქართული ოცნება“ ისეთი ვერასდროს იქნება, როგორიც იყო წინა წლებში“. შარაშენიძის თქმით, ამოცანა არის ის, ოპოზიციას შეუძლია თუ არა დღის წესრიგი შექმნას, რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ კონტროლი დღის წესრიგზე უკვე აგვისტოს დღეებიდან დაკარგა.

„ქართულმა ოცნებამ“ აბსოლუტურად დაკარგა კონტროლი დღის წესრიგზე თავისი უნიკალური ნიჭის გამო, რომ ყოველთვის შეუძლია საკუთარ შარვალში გაისროლოს, დაწყებული აგვისტოს ომის გმირებზე გაკეთებული განცხადებით, ანუ ჩვენი გმირების გაშავების კამპანიით, თითქოს ანწუხელიძემ საკუთარ მოსახლეობასთან დაიწყო ომი, ბატონი კობახიძე დაუპირისპირდა ივანე ჯავახიშვილს, ილია ჭავჭავაძეს, ზვიად გამსახურდიას და ყველას, საერთოდ, ვისაც „გეორგიევსკის ტრაქტატი“ აქვს შეფასებული, გაგრძელებული იმ სიგიჟით, რაც გუშინ მოხდა, როდესაც მარგარიტა სიმონიანს დედა ვაგინეთ ერმა, კავკასიონი ვაზანზარეთ. „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაშვებული აქვს დღის წესრიგი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ აქტივისტ თორნიკე რაზმაძის მიმართ ადმინისტრაციული დავის დაწყებას, მისი თქმით, გუშინ ქართულმა საზოგადოებამ რუსეთს აჩვენა, რას ნიშნავს საქართველოს მეზობლობა.

„მთელმა საქართველომ მართლა ვაზანზარეთ კავკასიონი. რუსეთს ვაჩვენეთ, რას ნიშნავს საქართველოს მეზობლობა. ქედს აქეთ დედის გინება ისმოდა, თან ერთი მიმართულებით, კონკრეტულად მარგარიტა სიმონიანის მიმართულებით და ბოლოს გამოვიდეს და თქვეს, რა გჭირთ ხალხო, მართლა მაგის გამო კი არ იყო [ადმინისტრაციული სამართალწარმოება], არამედ თორნიკე რაზმაძემ პრემიერს შეაგინაო. ამაზე საშინელი გამართლება, რა შეიძლება მოძებნო. მთლად პრემიერ-მინისტრს შეაწმინდეს ხელი. ასეთი ხარისხის შემსრულებლებთან გვაქვს საქმე, ადამიანების და აღმასრულებლების ასეთი ხარისხი დარჩა ამ სისტემაში, რაც გვაჩვენებს იმას, რომ ეს სისტემა განახლებასაც არ ექვემდებარება. ბოლო შრე არის, რომელსაც კბილებით იცავენ და აუცილებლად ჩამოიშლება, თუ აქეთ გაჩნდა რაღაც საერთო მოთხოვნა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა