„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, პროკურატურის მიერ გიორგი ბარამიძის დაკავების თაობაზე დღეს წარმოდგენილ არგუმენტებს და სამართლებრივ შეფასებას არ ეთანხმება.
როგორც ბასილაიამ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც ბარამიძეს ედავებიან, სისხლის სამართლებრივი შეფასების მიღმაა, რადგან შეუძლებელია სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული გარკვეული განცხადებით საბოტაჟის ჩადენა.
„პროკურატურის ბრიფინგი მოვისმინე და არცერთ წარმოდგენილ არგუმენტს, სამართლებრივ შეფასებას არ ვეთანხმები. მას შემდეგ, რაც ბარამიძეს უშუალოდ შევხვდები, კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად ავხსნი, რატომ. ის, რის გამოც მიმდინარეობს გიორგი ბარამიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, არ შეიძლება წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირებულ საკითხს. როდესაც პროკურატურა საუბრობს, რომ დაკავება მოხდა 2 მუხლის საფუძველზე, ერთი მუხლი არის იმისთვის, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ აგორდეს და ისმოდეს სიტყვა - ღალატი, ხოლო მეორე მუხლი არის შინაარსის დამახინჯება. მინდა საზოგადოებას ესმოდეს, რომ სახელმწიფო ღალატის მუხლი არ არსებობს ავტონომიურად, თუ არ არსებობს ჩადენილი სხვა რომელიმე დანაშაული, ვთქვათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა ან ასე შემდეგ. ამიტომ, ვიდრე 307 პრიმა მუხლზე ისაუბრებდე, უნდა ვისაუბროთ არის თუ არა 318 მუხლი, რასაც გიორგი ბარამიძეს ედავებიან, რომ მან საბოტაჟი ჩაიდინა. შეუძლებელია სატელევიზიო გადაცემაში გაკეთებული გარკვეული განცხადებით საბოტაჟის ჩადენა. საბოტაჟის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსით მოცემულია მკაფიოდ და ის მიმართულია სახელმწიფო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლისკენ. სისხლის სამართლებრივი შეფასების მიღმაა, რასაც მას ედავებიან“,-განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, გიორგი ბარამიძემ ვრცლად განმარტა თავისი სიტყვების შინაარსი, რომ ის არ მიემართებოდა არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„ის, რამაც თავის დროზე საზოგადოება აღაშფოთა, თავის დროზე ბარამიძის მხრიდან დეტალურად იყო ახსნილი. შეიძლება ვიღაც ამას იზიარებდეს ან არ იზიარებდეს, შეიძლება ვიღაცას ცუდად მოხვდა ყურში, ვიღაცას გული ატკინა ან შემდეგ ბარამიძის ახსნილმა ვერ დააკმაყოფილა, მაგრამ ნათელი და მკაფიოა, რომ ეს არ შეიძლება იყოს სისხლის სამართლის წესით დასჯადი, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლს ედავება ხელისუფლება, რომლის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შექმნა „გეორგიევსკის ბატალიონი“ და იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატის განმარტებით, „პროკურატურის განცხადებაში პროპაგანდისტული ხაზი იყო ის, რომ მათ შეაგროვეს მტკიცებულებები, რაც ბარამიძის განცხადებას უარყოფდა“.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.