გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს პოლიტიკურ რეპრესიებს.
„ქართული ოცნების“ მხრიდან ამ მუხლის წარდგენა ნებისმიერი ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქის მიმართ არის მარაზმი და ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას და ქართულ სახელმწიფოს ბრალს დებს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში, რომელიც გორიდან უხდის ბოდიშს ოს და აფხაზ სეპარატისტებს, რომელიც თანამშრომლობს ბელარუსის „კგბ“-სთან, რომელსაც გენერალურ პროკურორად ჰყავდა კაცი, რომელიც დღეს აგროვებს მოხალისეებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად, ამ ხელისუფლებამ როგორ შეიძლება ვინმეს წინააღმდეგ, არა თუ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, აღძრას საქმე სამშობლოს ღალატის მუხლით? ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც ჩემი აზრით, დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთის ფედერაციას.
იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება კარგად ხედავს „ქართული ოცნების“ გუნდის შიგნით განხეთქილებას, მათ სჭირდებოდათ კიდევ ერთხელ ჩვენება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც ვიჭერთ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.