„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ახალი „ნადირობა“ ოპოზიციაზე და რეპრესიები დააანონსეს.
ბეჟაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც თავად არიან დამნაშავეები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ეროვნული ინტერესების ღალატს, აკავებენ გიორგი ბარამიძეს, რომელიც ეროვნული ინტერესების გამო იბრძოდა.
„სამწუხაროდ, საქართველო აგრძელებს აბსურდის თეატრში ცხოვრებას. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ჩანს, გამოაცხადეს ახალი „ნადირობა“ ოპოზიციაზე და რეპრესიები დააანონსეს. დღეს პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციონერ ლიდერს იჭერენ, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან აგონიაში, ამიტომ კიდევ უფრო მეტი რეპრესია უნდა განახორციელონ.
დღეს გიორგი ბარამიძეს უყენებენ ბრალს ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ სახელმწიფო ღალატს. საქართველოს აბრალებენ ომის დაწყებას. ქვეყანა ქარვასლად გადააქციეს და მინისტრებიანად კორუფციაში არიან ჩაფლულები და ოქროს ზოდებს ალაგებენ სახლში. ქართულ ჯარს ყვლეფენ და ამაზე ერთმანეთს უყენებენ ბრალს და ჭორაობენ. ეს ადამიანები დღეს საუბრობენ გიორგი ბარამიძის ღალატზე. ადამიანი, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა იარაღით, ქართულ სახელმწიფოს აშენებდა და რეფორმებს ახორციელებდა. უკრაინაში იბრძოდა საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის, ამ ადამიანს სცხებენ დღეს ჩირქს და სახელმწიფო ღალატის მუხლს უყენებენ ის ადამიანები, რომლებიც თავად არიან დამნაშავეები, ყოველდღიურად ახორციელებენ ეროვნული ინტერესების ღალატს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.