გიგა ბოკერია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე - თუ უპასუხისმგებლო კომენტარები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირადად ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს

გიორგი ბარამიძის დაკავება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მორიგი ცინიკური რეპრესიის უტიფარი მაგალითია. ეს ნაბიჯი მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნას და საზოგადოების დეზორიენტირების ამოცანას ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში წერს.

ბოკერიას განცხადებით, თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, „მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს“.

„სიტყვის თავისუფლება იცავს სრულიად უპასუხისმგებლო, ბრიყვულ და თუნდაც მავნებლურ კომენტარებსა და გამონათქვამებსაც.

გია ბარამიძემ, ჩემი აზრით, გაუაზრებლად, კატასტროფულად უპასუხისმგებლო კომენტარი გააკეთა, რის გამოც მკაცრ პოლიტიკურ შეფასებას იმსახურებდა და არა სისხლის სამართლებრივ დევნას.

მისგან განსხვავებით, ივანიშვილის რეჟიმი წლებია გააზრებულ, მიზანმიმართულ პროპაგანდას აწარმოებს მტრის ნორმალიზების სასარგებლოდ და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

პოლიტიკაში მოსვლის წამიდან დაწყებული, პირადად ივანიშვილი და მისი გარემოცვა ეწევა მოღალატეობრივ კამპანიას საქართველოს პირდაპირი დადანაშაულებით 2008 წლის რუსული აგრესიისას - სლოგანით „მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე“ და პირადად ივანიშვილის განცხადებით იმაზე, რომ არანაირ აგრესიას არ ჰქონია ადგილი ცხინვალის რეგიონში - „მხოლოდ ერთ კედელს მოხვდა ჭურვიო“, - გაგრძელებული ბოდიშის მოხდით „აფხაზი და ოსი“ ხალხის წინაშე, ანუ 90-იანებში წარმოებული რუსული სამხედრო აგრესიისა და ქართველთა გენოციდის პერიოდშიც, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით.

თუ უპასუხისმგებლო კომენტარები და გამონათქვამები შეიძლება სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, მაშინ ივანიშვილის რეჟიმის უამრავი წარმომადგენელი, მათ შორის, პირველ რიგში, პირადად ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია ციხეში უნდა იჯდეს ამ მიზანმიმართული, ამაზრზენი პროპაგანდის გამო.

ამ სამარცხვინო რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ისეთი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი ხელისუფლების ხელში სახელმწიფო მანქანის პოლიტიკური ოპონენტებისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოყენებას.

ხელისუფლების რესურსი მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნის ნაცვლად, ქვეყნის შიგნით მტრის ინფილტრაციის განადგურებაზე, თავდაცვის გაძლიერებაზე და თავისუფალ სამყაროში ძლიერი მოკავშირეების შეძენაზე უნდა იხარჯებოდეს.

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ გარე საფრთხის განეიტრალებას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვას და საქართველოს გამთლიანებას”, - წერს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა