გიორგი ბარამიძის დაკავებით „ქართულმა ოცნებამ“ ბურთი ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადმოაგდო იმიტომ, რომ ეს წყლის ამღვრევა და ტურბულენტობა ხომ აქამდე მმართველ გუნდში იყო. ამით „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველს ეუბნება, რომ კი, შეიძლება ჩვენ ახლა არ ვართ ფორმაში, შეიძლება ჩვენთან ყველაფერი ხდება, მაგრამ „იქ“ სამშობლოს მოღალატეები არიან, - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, „ქართული ოცნება“ სწორედ იმ ადამიანებს იჭერს და ავიწროებს, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ომში ჩართვისთვისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ძებნილებად გამოაცხადა.
„ის, რომ ბარამიძის განცხადება არ იყო სწორი, შინაარსი გაუმართავი, საჭიროებდა განმარტებას, რომ უფრო გასაგები ყოფილიყო, ამაზე ჩვენ ყველა შევთანხმდით, მაგრამ ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც გამოდის და ამბობს, რომ ამ ქვეყანამ ომი დაიწყო და დიახ, როდესაც მთავარსარდალზე ამბობ, რომ ომი დაიწყო, ნიშნავს, რომ იმ ქვეყანამ ომი დაიწყო. ის ხელისუფლება, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო სიას გადასცემს რუსულ მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ნაომარი ბიჭების სახელებითა და გვარებით და რატომღაც კოდორის სპეცოპერაციის ყველა წევრი ბუნდოვანი სიკვდილით იღუპება, ზოგი დაკარგულად ითვლება და ზოგი უცნაურ გარემოებაში გარდაცვლილად; ის ხელისუფლება, რომელიც წარმოუდგენელ განცხადებებს აკეთებს რუსებთან მიმართებაში, ჩვენს კოლეგებს აჯარიმებს რუსების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, თან რა კონტექსტში, როდესაც ჩვენი მეფეების დაცვას ცდილობენ და ამის ფონზე ეს ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ვინმემ სამშობლოს უღალატა, ეს ხომ ძალიან ირონიულია?
ეს არის უტიფრობა, რომელსაც ნორმად და სტანდარტად აყალიბებს „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ ის იმ რეალობაშია, რომ მას ყველაფერი გასდის.
ახლა „ქართულმა ოცნებამ“ ბურთი ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადმოაგდო იმიტომ, რომ ეს წყლის ამღვრევა და ტურბულენტობა ხომ აქამდე მმართველ გუნდში იყო - ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განცხადება გააკეთა, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი შეიძლება ადამიანების უცნაურ მკვლელობებთან თუ საეჭვო თვითმკვლელობებთან შეიძლებოდა ყოფილიყო კავშირში, იქ მოპარული მილიონები ანუ „ქართულ ოცნებას“ სჭირს უბედურება. ისინი საკუთარ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ კი, შეიძლება ჩვენ ახლა არ ვართ ფორმაში, შეიძლება ჩვენთან ყველაფერი ხდება, მაგრამ „იქ“ სამშობლოს მოღალატეები არიან.
ჩვენებას აძლევს კობა კობალაძე, რომელიც, მე როგორც მახსოვს, იყო იმ ბუნტში, რომელიც შემდეგ გამართლდა იმ ხელისუფლების პირობებში, რომელზეც ამბობდნენ, რომ სასამართლოს სრულად აკონტროლებდნენ... ასევე კობა ლიკლიკაძე, ჟურნალისტი... „კობა, ევროპაში ცხოვრობ, სადაც „კაცებს ათხოვებენ“, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ყველა კარი დაუკეტა ამ ქვეყანას იქ მოსახვედრად, სადაც შენ ძალიან კარგად ცხოვრობ. წარმოუდგენელია შენი დამოკიდებულება და შენი გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიგეღო ბარამიძის პატიმრობაში. კაცები ასე არ იქცევიან, თან როდესაც განმარტება გაკეთდა მისგან, სხვა გენერლებისგან, მათ შორის, მისი ოპონენტი გენერლებისგან“...
დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ - უკრაინის სასარგებლოდ და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისა და ომში ჩართულობისთვის რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ირაკლი ოქრუაშვილი და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული ალეკო ელისაშვილი და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ახლა ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული კობა ხაბაზი, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს სპეცრაზმელები და ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად, რომ ამ ადამიანის ამოცნობა შეუძლებელი იყო. დავით ქაცარავა რუსეთში ძებნილია და „ქართულ ოცნების“ სპეცრაზმელები ფიზიკურად ისე გაუსწორდნენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრებიც კი აღშფოთებულები იყვნენ იმის გამო, დათოს თავს რაც მოხდა“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ტელეწამყვანმა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და „გირჩის“ წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაც შეაფასა. ჟორჟოლიანის თქმით, მას არ გაჰკვირვებია აღნიშნული შეხვედრის შესახებ, რადგან პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ღიად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიმართ. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ის ისურვებდა, იაგო ხვიჩიას მსგავსად, ასეთი გულწრფელები იყვნენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც.
„მე არ მქონია ამაზე მწვავე რეაქცია. იაგო ხვიჩია ეთერებში იჯდა და ძალიან ალალად, პირდაპირ ამბობდა, ბიძინა, ნუ აფინანსებ ამ უნიათო ხალხს, მე დამაფინანსეო. როდის დამალა იაგომ, რომ ეს სურვილები ამოძრავებდა, როდის დამალა პირადი სიმპათიები? ყველაზე ბრძენი კაცია ბიძინაო, იძახდა. ვერ მივხვდი, რა იყო აჟიოტაჟის მიზეზი, ჩემთვის საოცრება არ მომხდარა იმიტომ, რომ იაგოს სიმპათიები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ყოველთვის გაცხადებული იყო, იმასაც ველოდი მისგან, რომ შეხვდებოდა კიდეც.
ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში იაგო ხვიჩიას „ქოცს“ ეძახდნენ და დღეს ამბობენ, რომ შოკში არიან იაგო ხვიჩიას და ბიძინას შეხვედრის გამო, გულწრფელები არ არიან.
მეორე საკითხია, ეს მორალურად ჩვენთვის მისაღებია თუ არა, მაგრამ მე სხვა ოპოზიციურ პარტიებში ვისურვებდი ასეთ გულწრფელობას, რომ საკუთარი განაცხადები ასეთივე ღია ჰქონდეთ თავიანთ საკუთარ სიმპათიებთან და მოწოდებებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოზიციაც განიხილა, რომელიც მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია და მიხეილ სააკაშვილი ერთი ნარატივით საუბრობენ მის წინააღმდეგ. როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს მოსაზრება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავისი ერთ-ერთი განცხადებით უკვე გააბათილა.
„ის მოსაზრება, რომ თითქოს მიშა და იაგო ერთ ტონალობაში საუბრობენ, მიშამ თავისი სტატუსით დაამსხვრია და გააქარწყლა. ისე ხისტად დაუდისტანცირდა, რომ ეს მოსაზრებები დღის წესრიგიდან მოიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ მე ვიყავი პირველი, რომელმაც დავსვი ეს შეკითხვა, სად გაქრია ნიკა გილაური, რომელმაც ამხელა ვალდებულებები აიღო, დღის წესრიგს ქმნიდა, იმხელა მოლოდინები იყო მისგან, რომ კაცი პრემიერ-მინისტრი უნდა გამხდარიყო და უცებ ეს კაცი, რომელსაც ქვეყანა უნდა გადაებარებინა, ისე გაქრა, ვერც გავიგეთ სად წავიდა. მე ამაზე კითხვები ჯერ კიდევ მაშინ დავსვი, როდესაც ნიკა გილაური ასპარეზზე აღარ ჩანდა.
გასაგებია, რა არის მიშას მოტივაცია - ის თავის ამომრჩეველს ესაუბრება, იმ ამომრჩეველს, რომელიც გაებუტა, განაწყენდა. 4-იანთან წავიდა. მესმის, მიშას, როგორც პოლიტიკოსის მცდელობა რა არის, მაგრამ მე დღეს სწორედ არ მიმაჩნია ამ პოლემიკაში ჩემი შესვლა და მონაწილეობა“, - აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.