პროკურორის განცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა ყველა ეპიზოდთან მიმართებით ყველანაირი მონაწილეობა გამორიცხა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის მარიამ ბერძენიშვილის განაცხადებით, გრიგოლ ლილუაშვილმა ყველა ეპიზოდთან მიმართებით მონაწილეობა გამორიცხა.

პროკურორის თქმით, ლილუაშვილი შეეცადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა იმ საკითხებისგან გაემიჯნა, რომლებზეც პროცესის მიმდინარეობისას აქცენტი კეთდებოდა.

„არ იყო განსხვავებული ჩემი მოლოდინისგან დღეს მოცემული ინფორმაცია ბრალდებულის მხრიდან. ბრალდებული დისტანცირდა ყველა იმ მოცემულობიდან, ფაქტისგან, პირისგან, რომელიც საქმეში ფიგურირებს. აბსოლუტურად გამორიცხა მისი ყველანაირი მონაწილეობა თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით და ის ცდილობდა სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობა ყოფილიყო დისტანცირებული იმ საკითხებისგან, რაზეც პროცესების მიმდინარეობისას ჩვენ აქცენტს ვაკეთებდით. ის მოლოდინი, რაც მქონდა და რაც ანდრია ლილუაშვილის შემთხვევაში მოხდა, დღეს ბრალდებულმა დაადასტურა - უარყო ყველა გარემოება”, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, ლილუაშვილის განცხადება, რომ მას ჰქონდა რომეო მიქაუტაძეზე ინფორმაცია სატელევიზიო რეპორტაჟებიდან, რის გამოც ასეთი რეპუტაციის ადამიანთან არ დაიჭერდა კავშირს, ამ განცხადების გარდა რა მტკიცებულება აქვს ლილუაშვილს, პროკურორის თქმით, თავადაც ჰქონდა მსგავსი შინაარსის კითხვა, რაზეც ცალსახა პასუხი ვერ მიიღო.

„ლილუაშვილმა თავისი ინიციატივით გააჟღერა ეს. თუმცა ჩემ მიერ დაესვა კითხვა, რომ რომეო მიქაუტაძე იყო ენერგეტიკის მინისტრის კურატორი. გრიგოლ ლილუაშვილი ამ დროისთვის იყო სუს-ის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, ენერგეტიკა და ეკონომიკა სუს-სთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ამ კუთხით მოახდინა თუ არა რამე რეაგირება? მან განმარტა, რომ მსგავსი რამ არ გაუკეთებია და შეეცადა პასუხისმგებლობა სხვისთვის გადაებრალებინა.

სიუჟეტებზე ჰქონდა აქცენტი. სიუჟეტები გავიდაო, არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობდნენო და მე მას, როგორც ყოფილ სუს-ის უფროსს ვკითხე, მისაღებია თუ არა მისთვის სიუჟეტებში გასული ინფორმაციის სისწორე, ამაზე ცალსახა პასუხი ვერ მივიღე, რადგან ამას ვერც დამიდასტურებდა და მათი სტრატეგიიდან გამომდინარე, ვერც უარყოფდა“,- განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის საკითხს, ბერძენიშვილის თქმით, ლილუაშვილს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების შესახებ კითხვები არ დასმია.

მისივე თქმით, ლილუაშვილმა ზოგადად დაადასტურა, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები იმართებოდა, თუმცა ეს კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებას ან ფაქტს არ ეხებოდა.

„ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა, უბრალოდ, გაჟღერდა ის მოცემულობა, რომ ლილუაშვილი პარლამენტის წინაშე იყო ანგარიშვალდებული, თუმცა ჩემ მიერ დაისვა კითხვა, რომ სუს-ის ხელმძღვანელი, ჩემი გადმოსახედიდან, კოორდინირებულად უნდა მუშაობდეს პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა სტრატეგიული სამინისტროს ხელმძღვანელებთან, ამ ჭრილში დაესვა მას კითხვები. მან ზოგადად დაადასტურა, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრები იმართებოდა. ეს არ მიემართებოდა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებას ან ფაქტს, აქ იყო მისი ხედვა. მან თავად გააჟღერა ის, რომ მხოლოდ პარლამენტის წინაშე იყო ვალდებული, თუმცა ეს ასე არ ყოფილა და ამიტომ დავუსვით ამ მიმართულებით კითხვა“,- განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, არსებობს ვარაუდი, რომ ღარიბაშვილს ჰქონდა ინფორმაცია დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რაზეც ლილუაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ლილუაშვილისთვის წარდგენილ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა ან საქმეში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებთან რაიმე შემხებლობა გააჩნდა.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელიმე პირთან მიმართებით, რომ გავაჟღერო მას შესაძლოა ინფორმაცია ჰქონდა, ასეთი მოცემულობა არ მაქვს ამ ეტაპზე.

რამე ფორმით, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა ამ საქმესთან ფაქტობრივ გარემოებასთან შემხებლობა ჰქონოდა, ამ კუთხით ასეთი ინფორმაცია არ გაჟღერებულა. ვიმეორებ, რომ სამუშაო ვიზიტებზე, შეხვედრებთან დაკავშირებით იყო ზოგადი კითხვები თუ რამდენად ხდებოდა საერთო საკითხებთან დაკავშირებით კოორდინაცია სხვადასხვა პირებთან“,- განაცხადა პროკურორმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა