მოღალატეები არიან ფარცხალაძეები და ისინი, ვინც უჩოქებენ სიმონიანს,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს გიორგი ბარამიძის სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით დაკავებაზე განუცხადა.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას" ოთარ ფარცხალაძის სახით „ოფიციალური მოღალატე“ ჰყავს.
„არ ვიცი, რას უკავშირდება გიორგი ბარამიძის დაკავება. არაფერს არ უკავშირდება, წარმოუდგენელია ასეთი რამ. ჰყავთ ამათ ოფიციალური მოღალატე, ოთარ ფარცხალაძე, რომელიც იყო მათი გენერალური პროკურორი. ეს გაარკვიონ, როგორ იყო გენერალური პროკურორი. როცა ამერიკელებმა თქვეს, რომ ფარცხალაძე KGB-ს აგენტი ყოფილა და ჩვენ გვაქვს მტკიცებულებებიო, („ქართულ ოცნებაში") ყველამ დაიწყო ყვირილი, დაწყებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარით, რომ ჩვენ უნდა ვნახოთ ეს მტკიცებულებები და ჩვენ უნდა შევაფასოთო. აქ, კი, რაღაც ნათქვამზე, ისტორიულ საკითხზე, რომელიც არაფერთანაა კავშირში, მოღალატეობაზე საუბრობენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი, აბა, რა არის?!". განაცხადა ზურაბიშვილმა.