გიორგი ბარამიძე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და ის პასუხს აგებს იმისთვის, რაც გააკეთა. მას აქვს სრული უფლება, სასამართლო პროცესზე თავი იმართლოს და ამტკიცოს მისი უდანაშაულობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, გიორგი ბარამიძის განცხადება საფრთხის შემცველი იყო.
„მინდა თქვენი ყურადღება პროკურატურის განცხადებაზე მივაქციო. პროკურორმა განაცხადა, რომ არ დადგინდა ფაქტი დახვრეტებისა, ეს არის მთავარი. გამოძიებამ მასალები მოაგროვა და ასეთი ფაქტი არ დადგინდა. მთავარი საფრთხის შემცველი, რაც ბარამიძემ ამ განცხადებით გააკეთა, არის ის, რომ მან თქვა, დახვრეტები მიმდინარეობდაო. მან პირველ განცხადებაში თქვა, რომ ამას ჩვენი არმია აკეთებდა, შემდეგ თქვა, არა, არმია არ აკეთებდა, მოსახლეობა თვითნებურად აკეთებდაო. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც, ეს განცხადება იყო დიდი საფრთხის შემცველი, რომ საქართველოს წინააღმდეგ წაეყენებინათ ასეთი პრეტენზიები, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული და ამას აღიარებს ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი...
ახლა რომ ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები თავში ხელს ირტყამენ, მაშინ უნდა ეფიქრათ, როდესაც მათი წარმომადგენელი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი იმ თემაზე საუბრობდა, რომ თითქოს, ეს ევროინტეგრაციას ხელს უშლის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ეს პრობლემა უნდა მოვიშოროთო.... ის წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს იმისთვის, რაც გააკეთა, მართლმსაჯულების წინაშე, მას აქვს სრული უფლება იმართლოს თავი და ამტკიცოს მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესზე.
ის ბიჭები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის, ამ არაკაცებისგან მართლა არაკაცებად გამოცხადება ყოვლად წარმოუდგენელი არაკაცობაა. ადამიანები, რომლებსაც თითი თითზე არ გაუქანებიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, მიუტრიალდნენ და იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლს ღვრიდნენ... წასულების ნაცვლად ვერ ვილაპარაკებთ რომლებმაც სისხლი დაღვარეს და ჩვენ გვერდით არ არიან, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ, სისხლდაღვრილები არიან, უბრალოდ ღვთის ნებით გადარჩნენ. ეს ის ხალხი არაა, რომლებმაც ორი ტყვია გაისროლეს, მერე თბილისში წამოვიდნენ და იძახიან, რომ ვეტერანები ვართო. ესენი არიან ვეტერანები, რომლებიც პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე, აფხაზეთში და ცხინვალის მიდამოებში იბრძოდნენ და საქართველოს ინტერესებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდნენ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება აფხაზეთის ომზე ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ კი, რომ "1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ".
პროკურატურის ინფორმაციით, მისმა განცხადებამ ზიანი მიაყენა საქართველოს თავდაცვის ძალების რეპუტაციას, შეილახა აფხაზეთის ომის მონაწილე ვეტერანებისა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების პატივი და ღირსება. ამავდროულად, გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების ნორმალურ ფუნქციონირებას, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის განხორციელებას და მის მიერ ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის მიმართულებით შექმნილი მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას.
აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.