საპროტესტო აქციებში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოება ოპოზიციას მიმართავს განცხადებით, ერთიან ძალად ჩამოყალიბდნენ.
შესაბამისი განცხადება აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან წაიკითხეს. ტექსტი საზოგადოებას ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ გააცნო.
მათი თქმით, აღარაა გამყოფი ხაზების წინ წამოწევის დრო.
განცხადების თანახმად, ვინც ამ ერთიანობას არ შეუერთდება, საზოგადოება ამას რეჟიმის სასარგებლო ქმედებად აღიქვამს
,,ვინაიდაინ უკვე 640 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე ამ ქვეყნის ერთგულმა და სამშობლოზე შეყვარებულმა მოქალაქეებმა პირადი ინტერესები, განსხვავებები და ამბიციები გვერდზე გადავდეთ და საერთო მიზნისთვის ერთად ვდგავართ, იმავეს მოვითხოვთ ყველა იმ პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამოქალაქო გაერთიანებისგან, რომელიც თავს ოპოზიციურ ძალად და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. აღარ არის ერთმანეთის ლანძღვის, ურთიერთბრალდებების, პოლიტიკური გემოვნების, განსხვავებებისა თუ გამყოფი ხაზების წამოწევის დრო.
ის პოლიტიკური სუბუექტი, რომელიც ამ ერთობას არ შეუერთდება, საზოგადოების მნიშველოვანი ნაწილი ამას აღიქვამს როგორც არსებული რეჟიმისთვის სასარგებლო ქმედებას და მომავალში შესაბამისი პოლიტიკური შეფასებაც მიეცემა",- განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.